რუსეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მიერ ფრთოსანი რაკეტის გამოცდას ეხმაურებიან

აშშ-ის მიერ ახლო სიშორის ფრთოსანი რაკეტის გამოცდამ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქცია და განსაკუთრებით მწვავე რეაქცია გამოიწვია რუსეთში.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ 2 აგვისტოს შემდეგ რაკეტის შექმნა და გასაშვებად მომზადება შეუძლებელი იქნებოდა, ამერიკელებს ეს სამუშაოები ჯერ კიდევ ხელშეკრულების მოქმედების დროს რომ არ დაეწყოთ. მისი აზრით, ამერიკელები ხელშეკრულებიდან გავიდნენ არა იმის გამო, რომ ხელშეკრულებას რუსეთი არღვევდა, არამედ იმის გამო, რომ ეს ხელშეკრულება მათ ხელს უშლიდა ამ რაკეტების გამოცდებისა და წარმოების ეტაპზე გადასვლაში. მისი თქმით, სადაც არ უნდა განალაგონ ეს რაკეტები - ევროპაში თუ აზიაში - ის საფრთხეს შეუქმნის რუსეთს. საპასუხო სამიზნის როლში აღმოჩნდებიან ის სახელმწიფოებიც, სადაც ამერიკული რაკეტები განლაგდება და თვით აშშ-ც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სინანული გამოთქვა, რომ აშშ-მ კურსი აიღო სიტუაციის დაძაბვაზე. მის განცხადებაშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტიდან 16 დღეში გამოცდის ჩატარება (გამოცდა 18 აგვისტოს ჩატარდა) ნიშნავს, რომ ამერიკელები ტომაჰავკის რაკეტის მოდერნიზაციაზე დიდი ხანია მუშაობდნენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა განაცხადა, რომ „აშშ-ის მიერ სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის გამოცდა ახალ გამალებულ შეიარაღებას და სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას გამოიწვევს. ის საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურაზე უარყოფითად იმოქმედებს“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს მოუწოდა, უარყოს ცივი ომის დროინდელი აზროვნება, იარაღის წარმოებისას გამოიჩინოს თავშეკავება, შეიარაღების კონტროლის არსებული სისტემა დაიცვას და გლობალური სტრატეგიული ბალანსისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მეტი ძალისხმევა მოახმაროს.

აშშ-ს მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ უკვირთ ამერიკის მიერ არაბირთვული, სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის გამოცდა. „რუსეთი არღვევდა საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას. მოსკოვმა განალაგა რაკეტები ევროპაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპას. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ სხვა სახელმწიფოებმაც შეიძლება იფიქრონ ამ საფრთხისგან დაცვის საშუალებებზე“ , - აცხადებენ ბრიტანეთის საგარეო უწყებაში.

აშშ-მ გამოსცადა სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრს აღემატება. საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ერთობლივი გამოსვლის შემდეგ ეს ამერიკელების მიერ ამ სიშორის რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა. პენტაგონის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მარტში აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ 1000 კილომეტრამდე სიშორის რაკეტის გამოცდას, ხოლო ნოემბრამდე ფიქრობენ საშუალო სიშორის რაკეტის გამოცდასაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო