ნანუკა ჟორჟოლიანი - პაატა სალიამ გამათავისუფლა, რადგან ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, თუმცა კონტრაქტში არ  მიწერია, რომ მფლობელი უნდა მიყვარდეს

პაატა სალიამ გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ, -ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც არხის მენეჯმენტმა მიიღო, მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ ამას გაცილებით უფრო ადრე ველოდებოდით, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ. მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი. ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ის არხიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოსწონს, ამავე დროს კი სალია წამყვან პოზიციაზე განიხილავს ადამიანს, რომელიც სააკაშვილის დროს „კურიერს“ აკეთებდა და მისი გაკეთებული პროდუქტი არავის მოწონდა.

„მე, ისევე როგორც ნოდარს, ჩვენი წყაროები გვყავს, მათ შორის ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს მიერ გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ. ეს გაცილებით უფრო მაკვირვებს დღეს, რადგან პაატა სალიამ დღეს დაადასტურა, რომ ის ელაპარაკება იმ ადამიანს, რომელიც სააკაშვილის დროს აკეთებდა იმ „კურიერს“, რომელიც ჩვენს მაყურებელს არ მოსწონდა, პაატა სალიამ დღეს დაადასტურა, რომ ის ელაპარაკება წამყვან პოზიციაზე იმ ადამიანს, რომელიც შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ გავლენიან პოზიციაზე. მე მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ მოგწონთ, „რუსთავი2“-ში პრობლემა აღარ გაქვთ და მომავალში აღარ გექნებათ და თუ მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ, თქვენი კარი დაკეტილია. ეს არის ლოგიკური, არავის გაგვკვირვებია, უბრალოდ ველოდებოდით, რომ ეს გადაწყვეტილება მათ თავად უნდა მიეღოთ,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანმა პრემიებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მას კომპანიიდან პრემიის სახით არც ერთი თეთრი არ აუღია.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თამარ კორძაიას და არ მინდა, რომ მის ნათესავზე ახლა რამე აუგად ვთქვა, თუმცა სიცრუეში უნდა ვამხილო პაატა სალია, რადგან პაატა სალია მოსვლის დღიდან ამ ადამიანებს ხელფასებს არ გვირიცხავდა და ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ გაგვათავისუფლებდნენ. ასევე უნდა აღვნიშნო ყბადაღებული პრემიების თემა. ძალიან მნიშნველოვანია იცოდეს მაყურებელმა, რომ არც ერთხელ ამ კომპანიიდან არც ერთი ლარი პრემია ნანუკა ჟორჟოლიანს არ აუღია. იმ შემთხვევაში თუ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ შემოჰქონდა ბიუჯეტში თანხა, ამ შემთხვევაში ჩვენ და ტელეკომპანია ვიყოფდით წილობრივად“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სამართლებრივ დავაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრაქტები, რომლებიც მათ კომპანიასთან აქვთ გაფორმებული, საკმაოდ მყარია. მან ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აღნიშნულისთვის მადლობა გადაუხადა. ტელეწამყვანის თქმით, ის ერთხელ უკვე წავიდა ტელეკომპანიიდან, შემდეგ დაბრუნდა და ახლაც „არავინ იცის მომავალში რა იქნება“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს