საქართველოს პრეზიდენტს უკანონო ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ესტონეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთისა და ევროკავშირის პრეზიდენტებთან და მათ ადმინისტრაციებთან კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისა და სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებისთვის ემზადება, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება იქნება.
„საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ამ დღეებში, სხვადასხვა ფორმით, პრეზიდენტი კონტაქტში იმყოფებოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და მათ არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
გარდა ესტონეთისა, ასეთი კონტაქტები შედგა პოლონეთის, ლიეტუვას, საფრანგეთის, ევროკავშირის პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს შორის.
ამავდროულად, პრეზიდენტი ვილნიუსის საერთაშორისო კონფერენციაზე თავის გამოსვლებისთვის ემზადება, ასევე ემზადება პარიზის MEDEF- ის საზაფხულო უნივერსიტეტსა და ვარშავის საერთაშორისო შეხვედრისთვის. ყველა ამ გამოსვლასა თუ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. პრეზიდენტის აქტიურობის მთავარი მიზანი სიტუაციის განმუხტვისათვის ჩვენი პარტნიორების დახმარების მოპოვებაა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.