სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, მხარეებმა გერმანიაში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სურსათის უვნებლობის კუთხით რისკის შეფასების ძლიერი ქსელის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ორი ინსტიტუტის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სისტემის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას და, შესაბამისად, ორივე ქვეყანაში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვას.

მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბდება ინფორმაციის გაცვლის და კომუნიკაციის მექანიზმი, შემუშავდება ახლი პროგრამები და მოხდება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი სემინარების და ტრენინგების გამართვა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მნიშვნელოვანია საქართველოში ქიმიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების განვითარება, როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის რისკის შეფასების მიმართულებით. გერმანელი კოლეგების გამოცდილება დაგვეხმარება საქართველოში აღნიშნული სფეროების გაძლიერებაში,“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტში, ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა BfR-ის პრეზიდენტს, ანდრეას ჰენზელს, აღმასრულებელ დირექტორს, მაგნუს იეგერს და გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს რეგიონალურ დირექტორს, შტეფან ჰუბნერს. მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კვლევების გაფართოების აუცილებლობაზე. როგორც შტეფან ჰუბნერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სურსათის უვნებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა