დიანა ჯოჯუა - „რუსთავი 2“ აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადავა - კრიტიკული სიტყვა მალე გაქრება არხის ეთერიდან

ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს - ვერც მე და ვერც „კურიერის" გუნდი სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, - ამის შესახებ „კურიერის“ ყოფილმა წამყვანმა დიანა ჯოჯუამ განაცხადა.

მან ისაუბრა ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებზე და "კურიერის" თანამშრომლების უმეტესობის მიერ არხის დატოვებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თავისი პირობა არ შეასრულა.

„ქიბარ ხალვაშმა და მის მიერ დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს. პაატა სალიამ დაპირება არ შეასრულა. მან მოიტყუა, რომ არ აპირებდა მთავარი სახეების და ჩვენი საინფორმაციო დამოუკიდებლობის გარანტის, ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს იყო წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა ახალმა მენეჯმენტმა და უბრალოდ, სხვა გადაწყვეტილებას ვერც მე და ვერც „კურიერის" გუნდი ვერ მიიღებდა", - აღნიშნა ჯოჯუამ.

მისივე თქმით, გია ხუხაშვილმა გუშინ არაჩვეულებრივი ფრაზა თქვა: "რუსთავი 2" "რუსთავი 2"-მა დატოვა.

„რუსთავი 2"-ის გუნდი უბრალოდ აღარ არსებობს და პროგნოზებს რაც შეეხება, ველოდები, რომ ძალიან მალე აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადავა არხი. კრიტიკული სიტყვა შესაძლოა, რაღაც დოზით თავდაპირველად შენარჩუნებული იყოს, თუმცა მალევე გაქრება არხის ეთერიდან", - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

ამასთან, „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი აცხადებს, რომ

ის ხელმძღვანელი, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსად მივა, დანიშნული იქნება მოქმედი ხელისუფლების მიერ და შეასრულებს იმ დაკვეთებს, რასაც მოინდომებს "ქართული ოცნება".

გიგლა თუმანიშვილმა ისაუბრა ტელეკომპანიის თანამშრომლების უმეტესობის მიერ არხის დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ძალიან ემოციური იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო "რუსთავი 2" -სა და "კურიერის" გუნდმა.

„მიზეზი, რატომაც წამოვედით ასე ერთიანად, იყო ის დამოკიდებულება, რომელიც ბოლო პერიოდში დავინახეთ ხელმძღვანელობის მხრიდან და გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მათ ჰქონდათ. პირადად მე გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ არ ვფიქრობ, რომ ამ არხზე კიდევ გაგრძელდება ისეთი კრიტიკული სიუჟეტების მომზადება, როგორიც აქამდე გვქონდა. ის ხელმძღვანელი, რომელიც მოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსად, ცხადია, იქნება დანიშნული მოქმედი ხელისუფლების მიერ და შეასრულებს იმ დაკვეთებს, რასაც მოინდომებს "ქართული ოცნება", - განაცხადა თუმანიშვილმა.

მანვე ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

"ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება, მათ შორის ჩემმა თანამშრომლებმა და მეგობრებმაც, ვინც დღეს დატოვეს "კურიერი". ყველა ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთი რამ დარწმუნებით ვიცი, რომ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენი პროფესიით და გავაგრძელებთ იმ საქმის კეთებას, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს", - აღნიშნა თუმანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა