გია ვოლსკი - ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო კითხვას, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში

„ტვ პირველის“ თუ ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო იმაზე პასუხს, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, თუ ვინმე იტყვის, რომ ასეთი კომბინაციის შემდეგ პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, არასწორი და არაობიექტური იქნება.

"ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას სამართლებრივად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ ცნობილი 17 მილიონი დოლარი სწორედაც ავთანდილ წერეთელმა ისესხა, სესხს არ მომსახურებია და პირად ანგარიშებზე დაუბრუნა კონკრეტულ ადამიანებს ეს თანხა და კარგა ხანი ამ საკითხთან დაკავშირებით არც ვალის მომსახურებაზე იყო საუბარი და თანხაც ოფშორულ ზონაში აღმოჩნდა. თუ ვინმე მეტყვის, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანი, რომ ასეთი კომბინაციის შემდეგ პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, ვფიქრობ, არასწორი იქნება, არაობიექტური. არ არის ტელევიზიის ფლობა ან თუნდაც პოლიტიკურ პარტიაში, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა იმის გარანტია, რომ ამ საქმეზე კითხვები არ ისმებოდეს საგამოძიებო სტრუქტურების მიერ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის ნაწილის შეფასებას, რომ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის აღიქმება, რადგან „ტვ პირველი" წერეთლის შვილს ეკუთვნის, ვოლსკი აცხადებს, რომ "ტვ "პირველის" თუ ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო შეკითხვაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში".

"მიკვირს, რომ ეს კითხვა საზოგადოებრივმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რატომ არ დასვეს თავის დროზე, თუ რასთან გვქონდა საქმე. თუმცა, კითხვები პროკურატურის საქმეა, სასამართლოს საქმეა გადაწყვეტილების გამოტანა ამ საქმეზე",- განაცხადა ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პროკურატურის ქმედებები ანაკლიის პროექტს არ უკავშირდება.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტის ამ საკითხთან დაკავშირებას, ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფო პროექტი და არა მამუკა ხაზარაძის პროექტი",-განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი დღეს ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარებულები არიან ბადი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს