სალომე ზურაბიშვილი - მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე,  ჩავდივარ, როცა ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ვიზიტისას ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

„ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის ჩადის საოკუპაციო ხაზთან, როცა მას მიაჩნია საჭიროდ და არა სხვისი დღის წესრიგით მიხედვით.

„მე მგონი, შვიდჯერ ვარ ჩასული საოკუპაციო ხაზზე, რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით. ჩემი მოვალეობაა ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და ასევე ვფიქრობთ იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა