ნათია კუპრაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ქიბარ ხალვაში ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, „რუსთავის 2“-ის კვლავ გაკოტრების ან გაყიდვის გადაწყვეტილებას დაუბრუნდეს

არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ქიბარ ხალვაში ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, „რუსთავის 2“- ის კვლავ გაკოტრების ან გაყიდვის გადაწყვეტილებას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ქიბარ ხალვაშის ახლანდელი მდგომარეობა განსხვავებულია იმისგან, რაც წინა ხელისუფლების დროს, 2004 წლისთვის ჰქონდა, „როცა მაშინაც ხელისუფლების დაკვეთით შევიდა „რუსთავი 2“-ში და მორჩილი გუნდი დახვდა“.

ამასთან, ნათია კუპრაშვილი იმედოვნებს, რომ თითოეული ჟურნალისტი თავისი ღირებულებისა და ჟურნალისტური პრინციპის ერთგული იქნება.

„პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდში წარიმართა „რუსთავი 2“-ში, ვგულისხმობ იქ დასაქმებული კადრების პრინციპულობას, მიმაჩნია, როგორც პოზიტიური. მან გააკვირვა ქიბარ ხალვაში, რომელსაც ახალი პრაქტიკის წინაშე უწევს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ეგონა ძველ პრაქტიკას აკეთებდა, რომ ხელისუფლების დაკვეთით კვლავ შედიოდა „რუსთავი 2“-ში, ის არის ახალი რეალობის წინაშე. როგორც ჩანს, ძალიან უჭირს გადაწყვეტილებების მიღება ან ამ ამოცანის დაძლევა. როგორ დაძლევს, ამ შემთხვევაში, ეს მისი სატკივარია. რთული ამოცანაა ნამდვილად, თანამედროვე სამყაროში გააკეთო პროსახელისუფლებო არხი და თან გინდოდეს აუდიტორიის შენარჩუნება... რთული ამოცანაა და მე ქიბარ ხალვაშს რჩევებით ნამდვილად ვერ დავეხმარები,“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

მისივე თქმით, განცხადება, რომ არხი არ გაკოტრდებოდა და ფუნქციონირებას გააგრძელებდა, ნიშნავს იმას, რომ ის ვალდებულია, საინფორმაციო გამოშვება აკეთოს, ხოლო ბადის ცვლილების შემთხვევაში საზოგადოებასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აცნობოს.

ამასთან, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშმა სიტყვა რამდენჯერმე უკვე გადათქვა და გამორიცხული არ არის, ახლაც ასე მოიქცეს.

„ქიბარ ხალვაშმა თავიდან თქვა, რომ არხი გაკოტრების წინაშე იდგა და უნდოდა არხის გაყიდვა, 1 კვირა დათქვა ვადა და შემდეგ გადაიფიქრა. გვითხრა, რომ აღარ ყიდის და არც გაკოტრებას აპირებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ რადგან ის აღმოჩნდა ახალი რეალობის წინაშე კვლავ დაუბრუნდეს გაკოტრების ან გაყიდვის გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ მე ჯერ ვერ ვხედავ დათანხმებულ ადამიანებს, რომლებიც ამ არხზე საინფორმაციო პროგრამების კეთებას მოკიდებენ ხელს“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს