დავით ზალკალიანი - ბელარუსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა

ბელარუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების გზებზე. „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არ არსებობს პრობლემური საკითხები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველ წელს იზრდება და არსებული დინამიკაც მიანიშნებს იმაზე, რომ მიმდინარე წელიც იქნება უაღრესად პოზიტიური სავაჭრო ურთიერთობებში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ბელარუსის მხრიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების თვალსაზრისით განხილულ იქნა დამატებითი პირდაპირი ავიარეისების შესაძლებლობა.

„საქართველოში, რომელიც ისედაც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ბელორუსი საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დღეს დაიწყო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმყოფებიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა