გიგი წერეთელი - საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა გაძლიერდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საზღვრის მშენებლობის შესაჩერებლად, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ეუთო ამ მიმართულებით აქტიური იქნება.

ამასთან, როგორც „ინტერპესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერებმა მიმდინარე საკითხზე განცხადება გაავრცელეს.

თავმჯდომარემ კირიაკოს ჰაჯიანისმა (კვიპროსი), ვიცე-თავმჯდომარემ მაიკლ გეორგ ლინკმა (გერმანია) და მომხსენებელმა სუსანა ამადორმა (პორტუგალია) განაცხადეს, რომ "ბორდერიზაციის პროცესი, არამარტო კონფლიქტს აღრმავებს, არამედ მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე.“

„სოფლების გასწვრივ ღობეების აშენება, ხალხისთვის საკუთარი მიწების, წინაპრების სახლების და მათი საარსებო წყაროს ჩამორთმევა, სრულიად მიუღებელია. ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაუმკლავდნენ კონფლიქტის შედეგებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთობების შესანარჩუნებლად და კონფლიქტის გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად. შესაბამისად, ვგმობთ ღობეების და ნაგებობების უკანონო აღმართვას საქართველოს შიდა ადმინისტრაციულ საზღვრებზე და მოვუწოდებთ შესაბამის პირებს, მოხსნან ბარიერები“, - განაცხადეს მათ.

როგორც განხადებაშია აღნიშნული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ აშენდა 40 კილომეტრამდე მავთულხლართი, რამაც რამდენიმე სოფელში ფიზიკური ბარიერი შექმნა და მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. ქართველებს, რომლებიც ამ ხაზს კვეთენ, რეგულარულად აკავებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, ამ მოტივით დაპატიმრებული საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგად მნიშვნელოვანია, მაგრამ დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ, დასრულდეს ადგილობრივი მოქალაქეების შევიწროებისა და ძალადობის ამგვარი პრაქტიკა.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ისევე როგორც მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობა, როგორც ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო კანონმდებლობით და განსაკუთრებით ჰელსინკის საბოლოო აქტით, ხელახლა დადასტურდა 2019 წლის ეუთო-ს PA ლუქსემბურგის დეკლარაციაში.

ლუქსემბურგის დეკლარაციამ დაგმო ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის არალეგალური ქმედებების გამო. მათ შორის ინტენსიური სამხედრო მშენებლობა და წვრთნები, მავთულხლართების დამონტაჟება და ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ოფიციალურად ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა