„როიტერსი“ - ევროკავშირი ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

ირლანდია და საფრანგეთი სამხრეთ ამერიკასთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების გაუქმებით იმუქრებიან. ამ გზით ევროკავშირი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რომელიც ამაზონის ხანძრის ჩაქრობაში სხვა ქვეყნების დახმარებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ხანძრების რაოდენობის ზრდა ტყეების განადგურებამ გამოიწვია და ისინი ამაში პრეზიდენტ ბოლსონარუს ანტიეკოლოგიურ პოლიტიკას ადანაშაულებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფისში კი აცხადებენ, რომ ბოლსორანუ ცრუობდა, როცა იაპონიაში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე კლიმატის ცვლილების გამო შეშფოთებას გამოხატავდა და ამის გამო საფრანგეთი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი) შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დაუპირისპირდებოდა.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკანმა კი განაცხადა, რომ თუკი ბრაზილია ტროპიკული ტყეების დასაცავად არ იმოქმედებდა, დუბლინი შეთანხმების წინააღმდეგ მისცემდა ხმას. მან აღნიშნა, რომ ირლანდიის მთავრობა მომავალი 2 წლის განმავლობაში, ხელშეკრულების რატიფიკაციამდე, ყურადღებით დააკვირდება ბრაზილიის გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიასა და საფრანგეთს 20-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში მიღწეული შეთანხმების დასაბლოკად ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც დასჭირდებათ.

კრიტიკული განცხადება გააკეთა ფინეთმაც, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანტი რინე ბრაზილიური ხორცის იმპორტზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ამაზონის ხანძარი „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბრაზილიასა და სამხრეთ ამერიკას, არამედ მთელს ჩვენს პლანეტას.“

თუმცა ხელშეკრულების გაუქმების წინააღმდეგია ევროკომისია და აცხადებს, რომ ის ბრაზილიაზე ზეწოლის საუკეთესო მექანიზმია. „ის საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ქვეყნებმა გარემოს დაცვითი სტანდარტების პატივისცემის იურიდიული ვალდებულება აიღონ“, - განაცხადა კომისიის პრესსპიკერმა მინა ანდრეევამ. მისივე განმარტებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს სადამსჯელო ღონისძიებებს იმ შემთხვევაში, თუ კლიმატთან დაკავშირებული გარკვეული პირობები არ შესრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო