პრემიერი - მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს

დარწმუნებული ვარ, რომ მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მრეწველობისა და ვაჭრობის მიმართულებების პარალელურად ვითარდება ურთიერთობები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

„ბელარუსი არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული მზარდი მაჩვენებელი.

„მოხარული ვარ, რომ ტურისტების რაოდენობა ბელარუსიიდან იზრდება და მივესალმები გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაიზრდება პირდაპირი რეისების რაოდენობა ორ ქვეყანას შორის. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და ჩვენს მეგობარს მინსკში გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივ ურთიერთობების გაღრმავებაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იხსნება ხვალ, ეს არის ქართული სახლი მინსკში, რომლის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუს ხალხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, იმ პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და ბელარუსს აქვს ნაყოფიერი ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

„ეს არის მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონე პროექტი, სადაც ჩვენ, ბელარუსთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საერთაშორისო პლატფორები საშუალება მოგვცემს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი რუმასმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორი ქვეყანა ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან და ბელარუსულ-ქართული ურთიერთობები ხასიათდება გახსნილობით, ნდობის მაღალი ხარისხით და ურთიერთგაგებით.

„ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რადგან სამთავრობო და სახელმწიფო უწყებებს შორის, საწარმოებსა და ბიზნესებს სუბიექტებს შორის კონტაქტები აქტიური გახდა. ამ ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთავრობათაშორისი კომისია, დარგთაშორისი სამრეწველო ჯგუფები და ბელარუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო. ფაქტობრივად ყოველ თვე ხორციელდება დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც განიხილება სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინბისტრმა.

სერგეი რუმასის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტების გააქტიურებამ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში კონკრეტული შედეგი მოიტანოს.

„დღევანდელ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. ჩემს კოლეგასთან იდეების თანხვედრას ჰქონდა ადგილი იმის თაობაზე, რომ ბელარუსსა და საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ტვირთბრუნვის გაზრდის მიმართულებით. ახლო მომავალში ეს მაჩვენებელი შეიძლება 200 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა ბელარუსული სამგზავრო ტექნიკის მიწოდების მოცულობების გაზრდაა.

„საკმაოდ წარმატებული გამოცდილება გაგვაჩნია ამ საქონლის მიწოდების კუთხით. 2016 და 2017 წლებში სარკინიგზო ვაგონები „შტადლერის“ სავაჭრო ნიშნით მივაწოდეთ სს „საქართველოს რკინიგზას“. ამ გერმანული პროდუქციის აწყობა ჩვენთან, ბელარუსში მოხდა. ახლა საუბარს ვაწარმოებთ საქართველოში ბელარუსული სამგზავრო ავტობუსების მიწოდებაზე. ეს ელექტრო ავტობუსები და მეტროს ვაგონები იქნება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ხელშეწყობის და დახმარების იმედი გვაქვს“, - განაცხადა სერგეი რუმასმა.

ბელარუსის პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

„პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. გასული წლის მარტში თბილისში გაიხსნა ლიფტების ამწყობი საწარმო „მაგილიოვსკის“ და „ლიფტმაჟის“ სავაჭრო ნიშნით, ხოლო მიმდინარე წლის მარტში ბათუმში ფუნქციონირება დაიწყო დაბალ-გაბარიტიანი ტრაქტორების ამწყობმა საწარმომ „ბელარუსის“ სავაჭრო ნიშნით.საქართველოში დაწყებული ბელარუსული მედიკამენტების დაფასოების წარმოება „მინსკ კრისტალის“ საწარმოს ბაზაზე. ჩვენთან ხდება „სარაჯიშვილის“ სავაჭრო ნიშნით ქართული კონიაკის ბოთლებში ჩამოსხმა, ხოლო საქართველოში - ბელარუსული სპირტიანი სასმელების ბოთლებში ჩამოსხმა“, - განაცხადა სერგეი რუმასმა.

მისი თქმით, შეთანხმებები შედგა ბელარუსში ქართული ჩაის დაფასოების საორგანიზაციო საკითხებზე.

„ძალიან გვახარებს რომ ხვალ გაიხსნება პირველი ქართული სავაჭრო სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება სურსათის წარმოების ფართო სპექტრი. იმედს ვამყარებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ქართული საფირმო მაღაზიები მომავალშიც გამოჩნდება ბელარუსის რესპუბლიკაში.ჩვენი ქვეყნების აქტიურად თანამშრომლობენ სასოფლო-სამეურნეო სფეროში მსხვილფეხა საქონლის მოშენების ნაწილში. გასულ წელს საქართველოში არსებულ ფერმებს ხორბლის ამღები კომბაინების პარტიიდან პირველი 30 ერთეული გაეგზავნათ „გომსელმაშის“ სავაჭრო ნიშნით“, - განაცხადა სერგეი რუმასმა.

ინფორმაციას პრემიერის პრესცენტრი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო