არჩილ თალაკვაძე - მჯერა, რომ აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად დავიწყებთ კონსტიტუციურ კანონზე მუშაობას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის სახელით მიულოცა კონსტიტუციის დღე, რომელიც, მისივე თქმით, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას უკავშირდება.

„ჩვენ გვეამაყება, რომ 1921 წელს, დამფუძნებელთა კრებამ დაამტკიცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც პროგრესულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობოდა. გვეამაყება, რომ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა ასევე, შეძლო ისტორიული მისიის შესრულება, წარმატებით განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია - დახვეწილი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მტკიცე საფუძველს.

მადლობას გიხდით ყველას, თქვენი წვლილისთვის; მადლობას ვუხდი პარლამენტის წინა თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში. ის აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი სასამართლოთი და ზეპარტიული პრეზიდენტით. შემოაქვს პოლიტიკური ბალანსი, მკაფიოდ გამიჯნული უფლებამოსილებები, არჩევნების პროპორციული სისტემა და ოპოზიციის გაფართოებული უფლებები. რაც მთავარია, აღიარებს რა თავისუფალ ადამიანს უზენაეს ღირებულებად, საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს ძირითად უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს შეუქცევადს ხდის.

სიმბოლურია, რომ უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის დღეს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ერთად აღვნიშნავთ, რადგან კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ურთიერთობის გარანტიაა. კონსტიტუციით ჩვენ ვუკავშირდებით სახელმწიფოს და სახელმწიფო გვიკავშირდება ჩვენ.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება. მე მჯერა, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების კვალდაკვალ, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მომავალში დავიწყებთ კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე მუშაობას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო