საქართველოს საგარეო უწყება - აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი უკანონო ქმედებაა.

„იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა - საქართველოს საგარეო უწყება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო