ჯემალ გამახარია - იმედი მაქვს, გერმანიის საელჩო განცხადებას გააკეთებს თუ რატომ ჩამოვიდნენ გერმანიის მოქალაქეები აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე

ბერლინიდან ვინც აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე ჩამოვიდნენ, მათ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მათ მოექცევა ისე, როგორც უნდა მოექცნენ დამნაშავეებს“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის სრულიად უკანონო და არალეგიტიმურია.

"გუშინ ჩატარდა ე.წ. არჩევნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და უკანონო. ომამდე აფხაზეთში იყო 347 000 ამომრჩეველი, ამ ე.წ. არჩევნებზე კი, ოფიციალური მონაცემებით, დააფიქსირეს 118 000. ანუ, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის შემდეგ ამომრჩეველი თითქმის 3-ჯერ ნაკლებია. როდესაც ამომრჩეველთა ორი მესამედი განდევნილია ტერიტორიიდან, ტერიტორია ოკუპირებულია და მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, რომელ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი?“ - განაცხადა გამახარიამ.

მან ისაუბრა აფხაზეთში ე.წ. არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის შესახებ, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ გახდება დე ფაქტო მმართველი, თუმცა უფრო სასურველი იქნება პიროვნება, რომელსაც აფხაზური მოსახლეობა დაუჭერს მხარს.

"მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 56%-მა მიიღო, სადღაც 65 000-მა ადამიანმა. ბევრი არ მივიდა, რადგან ხაჯიმბა იქნება, პეტრე თუ პავლე, მიაჩნიათ, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან, თუ ვინ დაისაკუთრებს რუსეთიდან მომავალ სუბსიდიებს. ასევე მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ხაჯიმბა მეორე ტურში არააფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა. გუშინ დღის მეორე ნახევარში რუსული საინფორმაციო საშუალებები წერდნენ, რომ მან ე.წ. არჩევნების მასობრივი გაყალბება დაიწყო. მეორე ტურში გადავიდა ასევე კვიწინია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. 20 304 ხმა ხაჯიმბამ მიიღო, კვიწინიამ კი - 18 931. კვიწინია ძირითადად აფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა. საქართველოსთვის პრინციპულად შეიძლება ბევრი არაფერი შეიცვალოს, მაგრამ აფხაზების მიერ არჩეული იქაური დე ფაქტო მმართველის პირობებში რუსეთს, თუ ის არ მიმართავს ღია აგრესიას, ანექსია, ალბათ, ძალიან გაუჭირდება. ამიტომ, ჩვენთვის უფრო სასურველი იქნება პიროვნება, რომელსაც აფხაზური მოსახლეობა დაუჭერს მხარს - კვიწინია. ილუზიები არ გვაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ის პოლიტიკას შეცვლის, მაგრამ აქ მთავარია, რა პოლიტიკა ექნება დე ფაქტო მმართველს რუსეთთან მიმართებაში“, - აღნიშნა გამახარიამ.

მანვე ისაუბრა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის შტეფან კოიტერის, ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატის, გუნარ ლინდემანის და ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლის, პატრიკ პოპელის დასწრების შესახებაც. გამახარიამ აღნიშნა, რომ რუსეთს გერმანიაში სერიოზული აგენტურა ჰყავს.

"კოიტერი ახალი ულტრა მემარჯვენე პარტიიდანაა - "ალტერნატივა გერმანიისთვის". ულტრა მემარჯვენე პარტიებს ევროპაში რუსეთი აფინანსებს და ეს პარტიაც რუსეთის დაფინანსებულია. ლინდემანი ბერლინის საკრებულოს წევრია, პატრიკ პოპელი, ვენიდან ჩამოსული პიროვნება კი - სუვოროვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ეს ინსტიტუტი დაფინანსებულია ორგანიზაცია "სლავიანსკი მირ"-ის მიერ, რომელიც თავის მხრივ, ფსბ-ს მიერაა შექმნილი და დაფინანასებული. იყვნენ სოხუმში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში და მერე ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დემოკრატიულად და თავისუფლად ტარდება ე.წ. არჩევნები. ოჩამჩირე ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული და ამ დალოცვილებმა ახლა იქ ნახეს ცარიელი სახლები და აცხადებენ, რომ მოსახლეობის გარეშე ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულია. რუსეთს სერიოზული აგენტურა ჰყავს გერმანიაში, ის ევროპის წამყვანი ქვეყანაა და რუსეთის მთავარი სამიზნეც. ვინც ჩამოვიდნენ ბერლინიდან, თითქოს კერძო პირები არიან, მაგრამ მათ უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ფაქტობრივად, დამნაშავეები არიან და დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მათ მოექცევა ზუსტად ისე, როგორც უნდა მოექცნენ დამნაშავეებს. ამის შესახებ ძალიან სერიოზული განცხადება მაინც უნდა გაკეთდეს. იმედი მაქვს, განცხადებას გააკეთებს გერმანიის საელჩოც, თუ რატომ ჩაიდინეს დანაშაული გერმანიის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე და უგულებელყვეს მისი სუვერენიტეტი. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას“, - განაცხადა გამახარიამ.

როგორც მან დასძინა, საქართველოს მიზანი უნდა იყოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამჯერადაც დაგმოს ე.წ. არჩევნები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა გუშინ აფხაზეთში და რა ხდება დღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა