ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით, 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ გიორგი სულაშვილს 10 000 დოლარი გადასცეს

„ჩერნოვეცკის ფონდის“ დირექტორმა ელენე პოლიშუკმა 10 000 დოლარი გადასცა გიორგი სულაშვილს, რომელმაც 20 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ცალი თვალი დაკარგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ აცნობეს.

„ათასობით ახალგაზრდის პროტესტმა შედეგი გამოიღო. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეძლევა შანსი დეპუტატად აირჩიოს ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტები, რომლებიც პარლამენტარის მანდატის მეშვეობით ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნებენ და არ მოახდენენ მათი ინტერესების იგნორირებას, როგორც ამას ხშირად აქვს ადგილი დღევანდელ დღეს“, - ნათქვამია „ჩერნოვეცკის ფონდის“ განცხადებაში.

ფონდის დირექტორის ელენე პოლიშუკის თქმით, ლეონიდ ჩერნოვეცკი მიიჩნევს, რომ ამ მამაცი ახალგაზრდების დამსახურებით, საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე დგება.

„ლეონიდ ჩერნოვეცკი თვლის, რომ ამ მამაცი ახალგაზრდების დამსახურებით, საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე დგება, ეს არის დიდი გამარჯვება! სწორედ ამიტომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, როგორც საქართველოს მოქალაქემ და პატრიოტმა, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა გიორგი სულაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში“, - განაცხადა ელენე პოლიშუკმა.

გიორგი სულაშვილი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. სექტემბერში იგი კვლავ მიემგზავრება ევროპაში, სადაც მას მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება. გიორგი სულაშვილის თქმით, ოპერაციას და მკურნალობას ამ ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა მან არ იცის დაუფინანსებს თუ არა სახელმწიფო შემდგომ ოპერაციებს. ამიტომ ეს თანხა მისთვის წარმოადგენს გარანტიას, რომ მკურნალობა და ოპერაცია დაფინანსებული იქნება.

„გადაეცით ლეონიდ ჩერნოვეცკის ჩემი უღრმესი მადლობა დახმარებისთვის. მე ვიცი, რომ იგი საქართველოს პატრიოტია და ძალიან დიდი მნიშვნელობის საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ლეონიდ, მიგულეთ თქვენს გვერდით“, - განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით 10 000 დოლარი გადაეცა აქციის დაშლის დროს დაზარალებულ კიდევ ერთ მონაწილეს - მაკო გომურს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს