დავით ჭიჭინაძე - ის, რომ ხაზარაძეში პატრიოტიზმმა ახლა გაიღვიძა, ძალიან სასაცილოა - ჩვეულებრივი მევახშეა

"ის, რომ ხაზარაძე განცხადებებს აკეთებს და პატრიოტიზმმა ახლა გაიღვიძა მასში, ძალიან სასაცილოა, რადგან ის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეა", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა "თიბისი ბანკის" საქმის შესახებ და უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონტექსტს.

"რომ გითხრათ, რომ არ ვხედავ, მსგავსი სიცრუე ძნელი დასაჯერებელი იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონტექსტია, რადგან "ქართული ოცნება" არ მოსულა გუშინ ხელისუფლებაში, არც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ჩაუდენიათ ეს ამბავი გუშინ. ეს 11 წლის წინანდელია და 2012 წელსაც წარმატებით შეეძლო "ქართულ ოცნებას" იგივე საქმე აღეძრა, რადგან თუნდაც იგივე მიდგომები ბიძინა ივანიშვილის მიმართაც იყო და პრინციპში, ამისთვის არავინ დაზრახავდა და პოლიტიკური არ იქნებოდა. ის ოპერაცია კანონმდებლობის დარღვევაა, მაგრამ დღეს რომ გაგვახსენდა, ეს არასწორია, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის, და ზოგადად, ბანკირების ადვოკატად არ გამოვდგები. "ქართული ოცნება" ერთი რამით გამოირჩეოდა "ნაციონალური მოძრაობისგან" - ბიზნესს მეტ-ნაკლებად პოლიტიკურად არ ავიწროვებდა. 20 ივნისსაც ვნახეთ, რაც იყო მათი მეთოდები. "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთნაირი მეთოდები აქვთ მიტინგთან და ასევე, ბიზნესთან მიმართებაში და ამიტომ, მათ შორის ზღვარი აბსოლუტურად წაშლილია", - განაცხადა დეპუტატმა.

მანვე უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მომავალ პოლიტიკურ ლიდერად.

"ამისთვის პოლიტიკა უნდა იცოდე, რაზეც მას არანაირი ცოდნა არ გააჩნია. ის, რომ განცხადებებს აკეთებს და პატრიოტიზმმა ახლა გაიღვიძა მასში, ძალიან სასაცილოა, რადგან ის მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეა. ის, რომ ბინებს ვიღაცებს აჩუქებს, ვფიქრობ, ეს ახალი ცინიზმია, რადგან ჩემთან ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი, ვინც დაზარალებულია მისი საქმიანობით, თუნდაც იმ მიკროსაფინანსოებით და იმ მევახშეური საქმიანობით, რასაც ზოგადად ბანკები ეწევიან ამდენი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება ახალგაზრდებს, რომ მათ დაიყენებენ გვერდით - ისინი პოლიტიკური ბრძოლისთვის კი არ უნდა გამოიყენო, ქვეყანაში ისეთი კლიმატი უნდა შექმნა, ეკონომიკური გარემო, რომ ამ ახალგაზრდებს პოლიტიკაში გაქცევა კი არ უნდოდეთ, ქვეყნის აღმშენებლობა უნდა სურდეთ და ჰქონდეთ საშუალება, ქვეყანას და საკუთარ თავს ემსახურონ, საკუთარი მომავალი თავად შექმნან და არა - ვიღაცის დავალებით. სამწუხაროდ შევეჩვიეთ, რომ ახალგაზრდები მარტო საარჩევნოდ, პოლიტიკური ბრძოლისას გვახსენდება, პლაკატების გასაკრავად და ჩამოსახსნელად", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, "თიბისი ბანკი" ყოველდღე არღვევს კანონს არაპროფილური საქმიანობის შესახებ და ერთ-ერთ მაგალითად ანაკლიის პორტის პროექტიც მოიყვანა.

"რაც საქართველოში აკრძალულია, "თიბისი ბანკს" არაპროფილური საქმიანობა, თუნდაც ლისი და მილიონი პროექტი აქვს, რითიც ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ამ ქვეყანაში რეფორმებიც კვირიკაშვილის პერიოდში ისე იყო გათვალისწინებული, რომ საბანკო სისტემას მორგებოდა. ბანკები ერთადერთ, მოგების გადასახადს იხდიან. ასევე, საპენსიო რეფორმა როცა ჩატარდა, "თიბისი ბანკი" აცხადებდა, რომ ის მიიღებდა და განათავსებდა თავის დეპოზიტებზე ამ ფულს. ასევე, გვესმის ღიად, რომ პორტის მშენებლობაზეა საუბარი. პორტი არანაირი საბანკო საქმე არაა, ვხედავთ, რომ ანაკლიის პროექტის ეკონომიკური დასაბუთება არ არსებობს და დიდი რისკის შემცველია მისი განხორციელება კომერციული სტრუქტურის მხრიდან, რადგან ეს პოლიტიკური პროექტია, რასაც უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. აქედან იკვეთება და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ფულის "შესაჭმელად" იყო და სახელმწიფო ფულის მითვისების მცდელობა იქნებოდა. ეს პორტი ასაშენებელია და ამას ვერც "თიბისი" და ვერც ვერავინ ააშენებს, რადგან ყველა ინვესტორი გარანტიას ითხოვს. თუ სახელმწიფო გარანტიას გასცემს, მას შესაბამისი ტენდერის ჩატარების უნარი და აშენების სურვილიც უნდა გააჩნდეს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს