ჩვენ, ყველა ერთად ვქომაგობთ ჩვენს ბიჭებს, ვამაყობთ ჩვენი მორაგბეებით, დიდ იმედებს ვამყარებთ მათზე და ვუსურვებთ წარმატებულ ასპარეზობას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება. ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების გამოშვება კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საკოლექციო მონეტების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ეროვნული ბანკის ორგანიზებით, დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი საიუბილეო მონეტების გამოშვების მიმართულებით მნიშვნელოვნად აქტიურობს, რაც პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშების განხილვისას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან მოწონებას იმსახურებს.
„ვუსურვებ ეროვნულ ბანკს, წარმატებით გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით და მომავალშიც ხელი შეუწყოს საქართველოს კულტურის, ისტორიისა თუ სპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.