სალომე ზურაბიშვილი - როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ბიზნეს ლიდერთა ფორუმი გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მათივე ცნობით, ფორუმს ფრანგული ბიზნეს სექტორის 700- ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

პრეზიდენტმა მედეფის აუდიტორიის წინაშე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო ყველა სფეროში მზადაა ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველები როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების, სპორტის და კულტურის სფეროში „მეტი ევროპისთვის” არიან მზად.

„საქართველოს მაგალითი მართლაც, რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე!

როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს იმ ევროპულ ამბიციაზე, რომელსაც დღეს პრეზიდენტი მაკრონი ატარებს. „მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ: საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტის წარმატება”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით ირლანდიის ვიცე-პრემიერი გამოვიდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაეთანხმა, რომ საქართველოს ადგილი და მისი ნამდვილი სახლი ევროკავშირშია.„ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა.

გასულ წლებში, მედეეფ-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა, ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს