პრეზიდენტი - რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწევს

რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას, თუმცა ის ამას ვერ მიაღწევს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში რუსეთის ქმედებებზე ვრცლად ისაუბრა.

„საქართველო დიდ იმედებს ამყარებს პრეზიდენტ მაკრონის ევროპულ ამბიციაზე, ევროპის მომავლის მისეულ ხედვაზე. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს ჩვენთვის არა მარტო მნიშვნელოვანია, არამედ ძალიან საჭიროცაა. ევროპა არის ჩვენთვის იმის გარანტი, რომ მარტო არ დავრჩებით. ევროპა ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, იმოგზაურონ და განვითარდნენ. დღეს „ერასმუსის“ პროგრამაში უფრო ბევრი ქართველი სტუდენტია ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ იციან, სად არის მათი მომავალი. მომავალი თაობა არის ინოვაციების თაობა, რადგან მათ ახლის შექმნა სურთ და საქმეში წარმატების მიღწევა ისევე, როგორც ეს სურთ ევროპელ ახალგაზრდებს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, 2008 წლის ომი რუსეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა იყო.

„ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია! რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი.

მისივე თქმით, საქართველო თავისი არსებობის დღიდან, იდენტობით ევროპულია.

„გასულ წელს ჩვენს ახალ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ევროპული მისწრაფება არაა ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა. საქართველო თავისი არსებობის დღიდან მისი იდენტობით ევროპულია: ეს არის კოლხეთი, სადაც იასონი და არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ, ეს ჩანს ბერძნულ მითოლოგიაში. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც თავს მიიჩნევდა, როგორც ხიდს დასავლეთთან. ის გახლავთ ღვინის ცივილიზაციის აკვანი, ჩვენ გამოვედით პოსტსაბჭოთა სისტემიდან და არ დავუშვებ, რომ ვინმემ ან რამემ უკან დაგვაბრუნოს. საქართველო არის გზაჯვარედინი, ის არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან, მალე ექნება ინდოეთთანაც. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს კონტინენტთაშორისი ინვესტიციების ჰაბი.

ჩვენთვის საჭიროა ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს სრულყოფილად ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.

„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო შევამციროთ და ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენ გვსურს ჩვენი მეწარმეებისათვის იყოს მეტი ევროპული ინვესტიცია, ჩვენს რეგიონებში იყოს მეტი ევროპელი ტურისტი, ჩვენს პროდუქციას ჰყავდეს მეტი ევროპელი მომხმარებელი! ჩამოდით საქართველოში და დარწმუნდით, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ჩამოდით ამ ზაფხულს, ამ ზამთარს და ოთხივე სეზონზე. საქართველო - 5 მილიონი ევროპელის ქვეყანაა და ის დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო