სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ოკუპაციაზე - საქართველოში რეალური სიტუაციის ნახვის შემდეგ ჩვენი პოზიციები შეიცვალა

საქართველოში, რეალური სიტუაციის ნახვის შემდეგ, ჩვენი პოზიციები შეიცვალა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის, თუ რა ინფორმაციას ეცნობი შორიდან და რას ხედავ რეალურად, - ამის შესახებ სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა, საქართველოს პარლმენტში, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ოკუპაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რეალური სურათი დრამატულია.

ამასთან, სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი წამოუდგენლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 21-ე საუკუნეში, 300 000 ადამიანზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს ქვეყანაში, რომლებსაც ფაქტობრივად, ეკრძალებათ ნათესავებთან ურთიერთობა.

„დღეს ვეწვიეთ ადგილს, რომელმაც ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ჩვენში. ჩვენ ვიხილეთ ისეთი კონტექსტი, რომელიც იყო ძალიან სევდიანი. ცოტა სხვა რამე გვქონდა სათქმელი, მაგრამ იმის მერე, რაც ვნახეთ, რეალური სიტუაცია საქართველოში, ჩვენი პოზიციები შეიცვალა, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის, თუ რა ინფორმაციას ეცნობი შორიდან და რას ნახულობ რეალურად. სიტუაცია საკმაოდ დრამატულია და მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ პრობლემების მოგვარებას და რაც შეიძლება სწრაფად. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვნახოთ 300 000 ადამიანზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობდეს ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს პირობები, არ აქვს უფლებები იმისათვის, რომ იზრუნოს ჯანმრთელობაზე, განათლებაზე. როცა მათ ფაქტობრივად ეკრძალებათ საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობა. მე მინდა, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა.

მან ქართველი ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სან-ტომე და პრინსიპი საქართველოს ყოველთვის მხარს დაუჭერს, როცა ამის საჭიროება იქნება.

ამასთან, აღნიშნა, რომ მასთან ერთად საქართველოში ჩამოსული დელეგაცია მოხარულია, რომ „დიდი ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყანას ეწვია".

„ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ მოვახერხეთ და ფეხი დავადგით საქართველოში, რომელსაც ძალიან დიდი ისტორიული გამოცდილება გააჩნია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო და ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწია, რომ თავისუფლებისთვის მიეღწია“, - განაცხადა დელფიმ სანტიაგო დას ნევესმა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დელეგაციის სახელით, სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა