სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის შესახებ საჯარო დებატები იმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და მისი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი მოამზადა.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საჯარო დებატები იმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის განცხადებით, სტრატეგიის დამტკიცებისთვის საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა. მისი ინფორმაციით, სტრატეგიის დამტკიცებამდე საკითხთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში იქნება კონსულტაციები.

როგორც ხატია წილოსანი ვარაუდობს, სექტემბერში, მინისტრის ბრძანებით, აღნიშნული სტრატეგიის პირველადი ვარიანტი დამტკიცდება, ხოლო შემდეგ ის მთავრობას გადაეგზავნება საბოლოო განხილვისა და დამტკიცებისთვის.

"ჩვენი მიზანია, რომ წარმოდგენილი სტრატეგია მაქსიმალურად თავსებადი იყოს ყველა იმ გამოწვევასთან და მნიშვნელოვან საკითხთან, რომელიც ეფუძნება მთავრობის გრძელვადიან ხედვას სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეისათვის დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ იქნება ეს სტრატეგია და მას, რა თქმა უნდა, მოჰყვება სამოქმედო გეგმა, სადაც ინდიკატორების დონეზეა მითითებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დღეს არსებული ძირითადი გამოწვევები წარმატებით დაიძლიოს. ამასთან, დარგში იყოს განვითარების ისეთი ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს სოფლად სიღარიბის დაძლევას, შემოსავლების, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამინისტროს ექნება ხედვა, თუ როგორ უნდა წარმართოს მომდევნო 7 წლის განმავლობაში თავისი პოლიტიკა", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, სტრატეგია შედგენილია იმგვარად, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ სოფლის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერაც უნდა ხორციელდებოდეს. სტრატეგიასთან დაკავშირებით საჯარო განხილვებს მიესალმება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია, თუმცა ამასთან, ის შენიშვნებზეც საუბრობს.

„ძირითადი შენიშვნა, ზოგადად, ისაა, რომ სტრატეგია ატარებს უფრო ანგარიშის ხასიათს ჩვენთვის, ვიდრე კონკრეტული სტრატეგიისა და სამომავლო მიზნების, თუმცა სამოქმედო გეგმაში, რომელიც არის სამწლიანი, დეტალიზებულია ეს საქმიანობები. მიუხედავად ამისა, წინა სტრატეგიას რომ შევადაროთ, იქ კონკრეტიკა მეტი იყო, ვიდრე ამ შემთხვევაში", - განაცხადა თამარ თორიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა(FAO) და გაერო- განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტების ჩართულობით მოამზადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს