პაატა ზაქარეიშვილი - „ოცნების“ შემთხვევაში, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როცა მოლაპარაკებების გარეშე განათავსეს ბლოკპოსტი და ამან გამოიწვია დე ფაქტო რეჟიმის გაღიზიანება

„ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ბლოკპოსტი ერგნეთში მოლაპარაკებების გარეშე განათავსეს და სწორედ ამან გამოიწვია დე ფაქტო რეჟიმის გაღიზიანება, -ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს.

ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ დე ფაქტო რეჟიმთან შეთანხმების გარეშე მოქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია და 2013 წლის შემდეგ, „სამხრეთ ოსეთს“ ულტიმატუმის ენით ლაპარაკი პირველად მოუწია.

„საქართველომ სოფელ წნელისთან ეს ბლოკპოსტი მათთან შეთანხმების გარეშე, ანუ ერგნეთში საკითხის განხილვის გარეშე განათავსა და ამან ერთი მხრივ, გააღიზიანა ისინი. ხმაური იმიტომ ატეხეს, რომ თვითონაც დააყენონ ბლოკპოსტი მომავალში იმ ლოგიკით, რომ თუ საქართველოს აქვს უფლება, რომ ბლოკპოსტი დააყენოს ჩვენთან განხილვის გარეშე, ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება დავაყენოთ საქართველოსთან ბლოკპოსტი მათთან განხილვის გარეშეო. ასეთი პოზიციები აქვთ. ამ ხმაურმა საშუალება მისცა მათ, თვითონაც გააკეთონ ამ ტიპის ქმედება. ისინი კმაყოფილები არიან კიდეც, რომ მიეცათ საშუალება თვითონაც განალაგონ მათთვის მისაღები რაოდენობის ბლოკპოსტი. დღემდე თუ რამე ბლოკპოსტი არსებობს, ყველას საკითხი განხილულია ერგნეთში. ეს არის პირველი შემთხვევა 2013 წლის შემდეგ, როცა მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა ბლოკპოსტის განთავსება. „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რომ არ აფრთხილებდა ოსურ მხარეს, ისე ახორციელებდა შეიარაღებული ძალების გადაადგილებას, გარკეული გზების გაყვანას, ბლოკპოსტების განთავსებას, რასაც ყოველთვის პროტესტი მოჰყვებოდა დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან. ეს იყო პირველი შემთხვევა „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, როცა მათ მოუწიათ ულტიმატუმის ენით ლაპარაკი. მათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ამის საშუალებას არ აძლევდა. მათ გაუხარდათ, რომ „ქართული მხარე“ დაუბრუნდა აგრესიულ პოლიტიკას, რადგან აგრესიული პოლიტიკის მიმართ უფრო იოლია მუშაობა - „შენ ხარ აგრესიული, მეც აგრესიული ვარ“, რადგან რუსეთს უჭირს იყოს მშვიდობიანი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ოსური მხარის არგუმენტს, რომ მათ სოფელ წნელისთან ქართული ბლოკპოსტის მსგავსი საგუშაგოს აშენება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტეს, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი „რიტორიკული პოზიციაა“.

„ეს არის რიტორიკული და დემაგოგიური პოზიცია, თუმცა, გამყარებულია 2008 წლის მოვლენებით. მათი ხედვით, 2008 წელს საქართველომ განახორციელა აგრესია „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ და ისინი თვლიან, რომ არ განმეორდეს ეს, მათ სჭირდებათ ამ პოზიციის გამყარება“, - აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს პოზიციას, კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ რუსეთი თავის განცხადებებში მარტოა და ისეთი ქვეყნებიც კი არ უჭერენ მხარს, ვინც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა ცნო.

„ეს მათი სტილია. რუსეთი ცდილობს, საქართველოს დააბრალოს გარკვეული აგრესიული ქმედებები, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები მხარში გვიდგანან. როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე საფრანგეთმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაფიო და ცალსახა განცხადებები გააკეთეს საქართველოს სასარგებლოდ. ასე რომ, რუსეთი რას ამბობს, ეს ერთია და მიუღებელი და მეორეა, რომ არავინ არ ყვება რუსეთს. რუსეთის მოკავშირეებიც კი, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა - ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია, ისინიც კი არავითარ განცხადებას არ აკეთებენ რუსეთის სასარგებლოდ. ასე რომ, რუსეთი არის მარტო ამ განცხადებებში და აშკარად ჩანს, რომ მას აქვს თავისი პოლიტიკური ამოცანები, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს. საქართველოს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის ამ პროპაგანდას არ ჰყვებიან და პირიქით, იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ინტერესებს და პოზიციებს“, - განუცხადა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა