20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილების პროექტები ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული

კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტზე მოუწევთ მსჯელობა.

მათგან ორი - 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“ წევრებმა მოამზადეს, ხოლო მეორე პროექტის ავტორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.

საპარლამენტო უმრავლესობის 25 დეპუტატის ხელმოწერილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ხელისუფლებამ 20 და 21 ივნისს აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყო. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში წერია, რომ ძალადობრივი ქმედებების და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო.

აღნიშნული დადგენილებით, პარლამენტი ყველა შესაბამის ორგანოს მოუწოდებს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტს, ოპოზიციური ფრაქციის დადგენილების პროექტით, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის სესია ფასდება, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი. “ნაციონალური მოძრაობა“ “გავრილოვის სიის“ შედგენის წინადადებით გამოდის და როგორც დადგენილების პროექტში წერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა უნდა დაიწყოს მოსმენები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესასწავლად, დაადგინოს იმ პირთა წრე, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე. აღნიშნულ სიაში შეყვანილი უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაახლოებით ორი თვის წინ წარადგინა დადგენილების პროექტი “ევროპულმა საქართველომ“, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო