ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის კენჭისყრის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია - იუსტიციის საბჭო საკითხს არასერიოზულად უდგება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის კენჭისყრის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომ ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკითხს არასერიოზულად უდგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საბჭოს ბოლო გასაუბრების დღეს განაცხადეს, რომ მოსამართლეთა სიის კენჭისყრა აგვისტოს ბოლოს ჩატარდებოდა, შესაბამისად, უნდა გადაწყვეტილიყო მოსამართლეობის კანდიდატთა როგორი სია წარედგინებოდა განსახილველად საქართველოს პარლამენტს. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს წევრთა ამ განცხადების მიუხედავად, სიის კენჭისყრა არ ჩატარებულა - იუსტიციის საბჭოს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რა მიზეზით არ ჩატარდა კენჭისყრა აგვისტოს ბოლოს და როდის ჩატარდება.

„ჩემთვის, როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, რომელსაც თარიღის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, არ არის ცნობილი მოსამართლეთა კანდიდატებთან მიმართებით კენჭისყრის თარიღი და სია როდის წარედგინება პარლამენტს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასერიოზულად უდგება საკითხს. მიმაჩნია, რომ საბჭოს მეტი სერიოზულობა მართებს, რადგან საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას და საჭიროა, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას გრძნობდეს. როცა საჯაროდ აცხადებ, რომ მოსამართლეთა სიის კენჭისყრა აგვისტოს ბოლოს უნდა ჩატარდეს და ამ დროს არავის აწვდი რაიმე ინფორმაციას, არასერიოზულია. ყოველ შემთხვევაში მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვცადე გარკვევა აპარატთან, როდის არის კენჭისყრის თარიღი ჩანიშნული, არავინ იცის ამის შესახებ. ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რომ მათთვის ეს თემა არის კულუარული მოლაპარაკებების საკითხი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების განცდა სრულიად მინიმალურ დონეზეა“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, ჯანეზაშვილი სიის დაკომპლექტებასთან მიმართებით, გარკვეულ კულუალურ გარიგებებს არ გამორიცხავს.

„სიჩუმეა და ვფიქრობ, ეს სიჩუმე არის უპასუხისმგებლობა. ჩემი ვარაუდით, კულუარებში ალბათ, მიდის რაღაც მოლაპარაკებები იმაზე, საბოლოო ჯამში რა კატეგორიის ხალხი წარედგინება პარლამენტს. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ამ სიაში მოხვდეს მიხეილ ჩინჩალაძის თუნდაც ერთი კადრი.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავს, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამ თემასთან(უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შერჩევა/დაკომპლექტებასთან) დაკავშირებით მომსახურების ზონიდან გასულია. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად არ არსებობს, ყველა სხდომაზე გაუგებარი პროცედურებით არჩევენ დიმიტრი გვრიტიშვილს, რაც თვითმარქვია თავმჯდომარეს ნიშნავს. რეალურად, ასეთ მნიშვნელოვან პროცესზე აპარატის გარდა არც კი ვიცი ვის დავუკავშირდე საბჭოში იმისთვის, თუ როდის ინიშნება კენჭისყრის თარიღი. კანონის თანახმად სხდომას თავმჯდომარე იწვევს, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მდივანი. ჩვენ კი არც პირველი გვყავს და არც მეორე", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აგვისტოში დაასრულა გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან. ჯერჯერობით უცნობია, საბჭო როდის უყრის კენჭს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიას, რომელიც შემდეგ განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს