„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებას მოახდენს

დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალების გადაწყვეტილებას გააპროტესტებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლის ორივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს, რათა პრეზიდენტმა რეზიდენციაში შესვლამდე „სირცხვილის კორიდორში“ გაიაროს.

გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის აქვს შესაძლებლობა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების დროს მასზე ზემოქმედება მოახდინოს, ვინაიდან „5 წლის ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა მისთვის“.

„მთელი საზოგადოება გაკვირვებული და აღშფოთებულია. მათ შორის, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა მოტივით იქნა გათავისუფლებული პოლიციელის მკვლელი, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი და როგორ შეიძლებოდა ეს საკითხი დამდგარიყო პრეზიდენტის წინაშე. ვინ არის ამის ინიციატორი. ეს გადაწყვეტილება რომ უკიდურესად დამაზიანებელი იქნებოდა პრეზიდენტისთვის, ამას მიხვდებოდა 5 წლის ბავშვიც.

გვაინტერებეს, ვინ არიან ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებსაც მსგავსი ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ პრეზიდენტზე - ივანიშვილი? „ქართული ოცნების“ გავლენიანი პირები? თუ ვიღაც სანაცნობო ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა საკუთარი კორუფციული ინტერესით მოქმედებდნენ პრეზიდენტთან სიახლოვის გამო? როგორც არ უნდა იმართლოს თავი პრეზიდენტმა, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ამ პირად გადაწყვეტილებაზე პირადად უნდა აგოს პასუხი სულ მცირე, მორალურად მაინც. სწორედ ამიტომ იქნება ასეთი უკიდურესი ფორმით გამოხატული ჩვენი პროტესტი, რასაც პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებით გამოვხატავთ. ეს იქნება კანონით დაშვებული პიკეტირება. ფაქტობრივად, ბლოკირებული იქნება ორივე შესასვლელი და როდესაც პრეზიდენტი სასხლეში შევა, მას მოუწევს „სირცხვილის“ კორიდორში“ გავლა. ისევე როგორც სამშაბათს, პარლამენტის წევრებს, გავრილოვის ღამის მონაწილეებს მოუწევთ „სირცვილის კორიდორში“ გავლა, რასაც ახალგაზრდები გეგმავენ. ჩვენ ველოდებით პასუხს პრეზიდენტისაგან რატომ ჩაიდინა ეს ქმედება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო