დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდეს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უსუფაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, პროპორციული არჩევნები ივანიშვილისთვის იძლებითი ნაბიჯი იყო და მოხარული იქნება თუ ეს ცვლილება არ განხორციელდება.

„პროპორციული არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის იყო იძულებითი ნაბიჯი, ამიტომ მოხარული იქნება თუკი მიეცემა შესაძლებლობა ეს ცვლილება არ განხორციელდეს - ეს ერთი; მეორე: ივანიშვილი ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესობას ვეღარ შეძლებს - ვერ შეძლებს ვერც თავისი თავის გაუმჯობესებას, ვერც მმართველობის გაუმჯობესებას და ვერც მოსახლეობის გულის მოხიბვლას, ამიტომ მისი საარჩევნო წარმატება გადის რამე კომბინაციაზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ვადამდელ არჩევნებს არსებული სისტემით, შეიძლება ასევე უკავშირდებოდეს ვითარების შემდგომ პოლარიზაციას, სიტუაციის დაძაბვას და ამ ფონზე, ორ პოლუსიან გარემოში სააკაშვილის საფრთხობელის გამოყენებით ხელახალ, კვლავ უპირატესობის შენარჩუნებას. ორივე ამ შესაძლო ვერსიისთვის გახარია იდეალური ვარიანტია - თუ ჩავარდა მისი კანდიდატურა, ამას ახსნა ექნება, რა ვქნა, ასე მოხდაო და თუ დაამტკიცეს გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ის აღმოჩნდება ის ფიგურა, რომლის პრემიერად დანიშვნაც ბუნებრივად მოახდენს საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციას. ივანიშვილი ახლა ზის, ფიქრობს და იღებს გარკვეულწილად ეშმაკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ სამწუხაროდ, თავის ნიჭს ქვეყანას კი არა, თავის ვიწრო სახელისუფლებო, საძალაუფლებლო ამბიციებს ახმარს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა