ნიკა ჩიტაძე - პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შემთხვევაში, მოსახლეობის მხრიდან ახალი მოთხოვნები გაჩნდება

ივანიშვილის გათვლაა შემდეგი, რომ მე ვისაც მინდა, იმას დავამტკიცებ. გიორგი გახარიას წარმოაჩენენ ადამიანად, რომელმაც სახელმწიფო გადააარჩინა გადატრიალებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას.

ამასთან, მისი შეფასებით, თუკი აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი გახარია დაინიშნება, ხალხი მთლიანად მთავრობის გადადგომას მოითხოვს. ჩიტაძის განცხადებით, მმართველი გუნდი გახარიას „რეაბილიტაციას“ შეეცდება.

„დიდი ალბათობით, მთავრობის მეთაურად გიორგი გახარია დამტკიცდება და მოსახლეობის მხრიდან ახალი მოთხოვნები გაჩნდება. თუ ადრე ხალხი მისი, როგორც შს მინისტრის გადადგომას ითხოვდა, სექტემბერში, როდესაც განახლდება საპროტესტო აქციები, ახალი მოთხოვნა უკვე მთავრობის გადადგომა იქნება. ივანიშვილის გათვლაა შემდეგი, რომ მე ვისაც მინდა, იმას დავამტკიცებ. გახარიას წარმოაჩენენ ადამიანად, რომელმაც სახელმწიფო გადაარჩინა გადატრიალებას, ადამიანად, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის სიმბოლოა, ადამიანად, რომელმაც გადაგვარჩინა ომს, რომელმაც ბევრი რეფორმა გაატარა შსს-ში და ა.შ. ანუ გახარიას რეაბილიტაცია ხდება,“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლებამ შესაძლოა, მაჟორიტარებს დავალება მისცეს, რომ მათ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.

„ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, შესაძლოა, არ განხორციელდეს. მგონია, რომ შემოდგომაზე ტემპერატურა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც მწვავე დებატებია მოსალოდნელი. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ 2/3-ით უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ მითითება მისცეს მაჟორიტარებს, რომ მათ არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ ცვლილებებს. მაჟორიტარები გამოვლენ და შესაძლებელია, თქვან, რომ მათ კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აიღეს და მაჟორიტარების ინსტიტუტი უნდა არსებობდეს. ხელისუფლება კი იტყვის: „ჩვენი ინიციატივა კი იყო 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ პარლამენტარების ნაწილმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ისინი ხალხის არჩეული არიან და ჩვენ მათი ნების წინააღმდეგ ვერ წავალთ.“ ეს გახლავთ ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი,“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს