„თავისუფალი საქართველო“- მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ნუ ჩაერევა მის საქმიანობაში უახლოესი 1 წლის მანძილზე

„თავისუფალი საქართველო“ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ „ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი - ნუ ჩაერევა მის საქმიანობაში უახლოესი 1 წლის მანძილზე“.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავება შეძლოს, „აუცილებელია, ყველამ დაიჯეროს, რომ ის არის რეალურად მთავრობისა და ქვეყნის პირველი პირი და არა პარტიის ლიდერის ერთ-ერთი თანაშემწე“.

„ვეხმაურებით რა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტის არსებული შემადგენლობის გადაყენება სწორია, ვინაიდან მან თავი ვერ გაართვა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც კოჰაბიტაციის მანკიერი კურსი გახდა. მეორეს მხრივ, უნდა დავინახოთ, რომ პრობლემა არის არა კონკრეტულად ბახტაძეში, ან კვირიკაშვილში, ან რომელიმე სხვა პრემიერ-მინისტრში, არამედ პრობლემა არის მართვის იმ სისტემაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ნომინალურ ფიგურას წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან, ძალიან წააგვანან 80-იანი წლების საბჭოთა მთავრობის ლიდერებს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ, თუმცა ამით ქვეყანაში არაფერი იცვლებოდა.

აუცილებელია, მთავრობის მეთაური რეალურად იყოს ქვეყნის პირველი პირი. ამიტომ მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ვინც არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი - ნუ ჩაერევა მის საქმიანობაში უახლოესი 1 წლის მანძილზე და მისცეს მას მთავრობის კაბინეტის მთლიანად და ხელახლა დაკომპლექტების საშუალება. იმისათვის, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავება და აგრეთვე, საგარეო პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთობა შეძლოს - აუცილებელია, ყველამ დაიჯეროს, რომ ის არის რეალურად მთავრობისა და ქვეყნის პირველი პირი და არა პარტიის ლიდერის ერთ-ერთი თანაშემწე. ასევე, მივმართავთ ახალ პრემიერ-მინისტრს: მაქსიმალურად განაახლოს მთავრობის შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის შემადგენლობაში არიან კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მინისტრებიც, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სიახლის განცდა, რათა ყველაფერი დაიწყოს ახალი წერტილიდან და შესაბამისად, კადრები შერჩეულ იქნენ პროფესიონალიზმის და არა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობის ნიშნით.

ახალი მთავრობის უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს სამართლიანობის აღდგენა, რეზონანსული საქმეების გამოძიება, სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის ძირეული რეფორმა“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო