ანრი ოხანაშვილი - თუკი პარტიას არ აქვს რესურსი, არ გააჩნია ხედვა, რის გამოც საზოგადოებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს, ის არ იმსახურებს იყოს პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გუნდში იმსჯელებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

ოხანაშვილის თქმით, ნულ პროცენტიანი ბარიერი იძლევა ყველა შესაძლებლობას, რომ პარტიებმა მიიღონ მხარდაჭერა და საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენლობა.

"ჩვენ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა და განხილვა, არგუმენტების მოსმენა, გავუზიარებთ ერთმანეთს პოზიციებს და შესაბამისად, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, რომ ის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც სწორედ "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით დაანონსდა და მუშაობა დაიწყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელს შეუწყობს მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და პოლიტიკურად ყველა შესაბამის პარტიას მიეცეს შანსი მოსინჯონ ძალები, საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ და იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში.

ე.წ ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერი ქმნის ყველა გარანტიას იმისთვის, რომ თუკი პარტია არის შემდგარი, აქვს სტრუქტურა, ხედვა, უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმომადგენლობა პარლამენტში, ამიტომ თუკი პარტიას არ აქვს რესურსი, არ გააჩნია ხედვა, სტრუქტურა, იდეები და საზოგადოებას ვერ ესაუბრება იმ გეგმებთან დაკავშირებით, რის გამოც მას საზოგადოებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს, მაშინ ასეთი პარტია არც ბლოკის სტატუსით არ უნდა იმსახურებდეს წარმოდგენილი იყოს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში", -აცხადებს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების ინიცირება მოხდა.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

ამასთან, გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი ვარიანტი პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმაც შესთავაზა. მათი პროექტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო