„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.