ვახტანგ გომელაური 20 ივნისზე - პოლიციელებმა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა, თორემ მთელი ქვეყანა, ალბათ, 20 წლით უკან გადავარდებოდა

არ შეიძლება მივუდგეთ ისე, რომ მოქალაქეები მართლები იყვნენ და მხოლოდ პოლიციელებმა დააშავეს. იმ ადამიანებმა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა,“ - ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

შს მინისტრობის კანდიდატი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს სამწუხაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ დროს დაზარლდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

„80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, მეორეში კი რაღაც პროცენტები დარჩა. ასევე, დაშავდნენ მოქალაქეებიც. ის ახალგაზრდა გოგონა... რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანდა, ვთქვათ ერთს. მეორეს ნეკნი იყო თუ ხელი მოიტეხა თუ რაც იყო. ძალიან რთული თემა იყო. ძნელი იყო კონტროლი. ყველაფერი რომ დამთავრდება, ადვილია საუბარი - ეს რატომ არ ქნეს ან ის რატომ არ ქნეს. 26 წელია ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაყავს და ფეხით თელავენ, გლიჯავენ ჩაფხუტებს, ფორმას და სცემენ, იქ შეიძლება ყოფილიყო გადაცდენა. არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი, გადაცდომაზე ნებისმიერმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ არ შეიძლება მივუდგეთ ისე, რომ მოქალაქეები მართლები იყვნენ და მხოლოდ პოლიციელებმა დააშავეს. ის ადამიანები იდგნენ და დაიცვეს სახელმწიფოებრიობა, თორემ ალბათ, ერთი ოცი წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა“, - განაცხადა გომელაურმა და 20 ივნისს პარლამენტთან მყოფ პოლიციელებსა და მაშინდელ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება სერგეი გავრილოვს, როგორც შს მინისტრობის კანდიდატი ამბობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა მისივე თქმით, სუს-მა არ იცოდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან წაიყვანდა ასამბლეას.

„ვიცოდით, რომ გავრილოვი ჩამოდიოდა დელეგაციით. ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო ასამბლეა და აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ რომ უნდა აბრძანებულიყო, თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო და იქიდან უნდა წაეყვანა, ეს არ ვიცოდით ჩვენ და მგონი არც არავინ იცოდა. უცებ მოხდა სპონტანურად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება რევოლუციის ორგანიზებას, შს მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გამოჩენას მოჰყვა ის მოწოდებები, რაც ყველამ პირდაპირ ეთერში იხილა.

„ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი“, - დასძინა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა