მაია ცქიტიშვილი - დამოკიდებულება წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მიმართ შეცვლილია, დაფინანსება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი

2019 წელს 30 პროცენტით გავზარდეთ წყლის პროექტების ბიუჯეტი, ანუ თუ შარშან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დააფინანსა 166 მილიონი ლარის პროექტები, წელს ჩვენი ბიუჯეტი 218 მილიონი ლარი იყო, -განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების პასუხად.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, წლის ბოლომდე მოხდება ბიუჯეტის კორექტირება და სამინისტრო შეასრულებს 240 მლნ ლარზე მეტი ღირებულების წყალგაყვანილობის სამუშაოებს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან 300 მილიონი ლარის გამოყოფაზე იმისთის, რომ შევძლოთ უკვე გამზადებული პროექტების განხორციელება.

„მუნიციპალურ დონეზე, რეგფონდის ნაწილშიც ვფიქრობთ სპეციალური ქვეპროგრამის შექმნას იმისთის, რომ დამატებით სტიმული მივცეთ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგებაზე მეტი რესურსის დასახარჯად. გვინდა დავაფინანსოთ სამუშაოები უკვე არსებული სათავე ნაგებობების მოსაწესრიგებლად, მივცეთ დამატებითი საშუალება მუნიციპალიტეტებს რათა ეს სისტემები მოიყვანონ სასმელი წყლის სტანდარტთან შესაბამისობაში“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა, ასევე უპასუხა სამტრედიისა და ყაზბეგის წყლის სისტემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ ორივე პროექტზე არსებობს დონორი- გერმანიის განვითარების ბანკი. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და სავარაუდოდ 2020 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი ამ პროექტირების დაწყება.

„წყლის პროექტებთან მიმართებაში პრობლემაა ისიც, რომ ასეთი პროექტები არის საკმაოდ მაღალი ღირებულების, ორივე ამ პროექტზე-სამტრედიის და ყაზბეგის პროექტებს ვგულისხმობ, საორიენტაციოდ 70-80 მლნ ევროა საჭირო. ამიტომ გვჭირდება დონორებთან მუშაობა. წყლის პროექტების განხორციელება ტექნიკურადაც რთულია და მეტი დრო სჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ დამოკიდებულება წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების მიმართ არის შეცვლილი, დაფინანსება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, და ჩვენ ვაპირებთ მომავალშიც ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა“,-განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს