ლევან დავითაშვილი - აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც სოფლის მეურნეობა უფრო პროგნოზირებადი, ხოლო დარგში ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი ხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა.

„აგროდაზღვევა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა, ხოლო დარგში ინვესტიციის განხორციელება უფრო მიმზიდველი. საქართველოში სოფლის მეურნეობა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რისკის შემცველი დარგია, შესაბამისად, აგროდაზღვევის გარეშე, სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნებოდა. აგროდაზღვევის ქართული მოდელი წარმატებულია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო დახვეწას. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ორ დონიანი სადაზღვევო სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მოხდეს ფერმერებისთვის მოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯის ანაზღაურება. ეს, ხელს შეუწყობს, პროგრამაში კიდევ უფრო მეტი ფერმერი ჩაერთოს. შედეგად, ჩვენ შევძლებთ გავაიაფოთ სადაზღვევო პრემია.

არსებული სქემითაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ, 100 ლარის სადაზღვეო პრემიაზე, 103,8 ლარსი ანაზღაურება მოდის, რაც სადაზღვევო პროგრამის ეფექტიანობას აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურებული თანხა, სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხას აღემატება. ამ შემთხვევაში, არ შედის ადმინისტრირების ხარჯები, რომელიც სადაზღვევო პრემიის დაახლოებით 25 %-ია. სახელმწიფოს ხარჯი ბევრად მეტი იქნებოდა, ადმინისტრირება კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად რომ განეხორციელებინა. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სექტორული პროგრამების მიმდინარეობაზე.

„სამინისტრო გააგრძელებს მრავალწლიანი კულტურების საგრანტო თანადაფინანსების მიმდინარე პროექტებს, რომლებიც უკავშირდება ჩაის სექტორის განვითარებას, ასევე იმერეთის რეგიონში ბოსტნეულის წარმოების ხელშეწყობას. საპილოტე რეჟიმში განხორციელდა, მოსავლის ამღები ტექნიკის გრანტის სახით თანადაფინანსება. აღნიშნულ პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. საგრანტო დახმარება ყველა ტიპის მექანიზაციაზე გავრცელდება, განსაკუთრებით მცირე გაბარიტიან აგროტექნიკაზე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან.

გაგრძელდება მეფუტკრე ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დახმარება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ტექნიკური და ექსპერტული მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ ვიწყებთ კომპლექსურ მიდგომას მეცხოველეობის მხარდასაჭერად. შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, აღნიშნულ სექტორში, ჩვენ არ გვქონდა საგრანტო ინტერვენციები. რამდენიმე წლის განმავლობაში, ვმუშაობდით დონორ პარტნიორებთან, კერძოდ, IFAD-თან და USDA-სთან, რომლებმაც საქართველოში დაიწყეს ჯამში 36-მილიონიანი პროექტების განხორციელება. პროექტები ითვალისწინებს ფერმერების გადამზადებას, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსებების განხორციელება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს