ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი ინიციატივები გააცნო

2019 წლის 5 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალ რეგულაციებს შეეხება. ვახტანგ ლაშქარაძემ, ასევე ისაუბრა უწყებაში არსებულ სიახლეებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზე.

,,აღნიშნული პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივებას, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზების დახვეწას, დეკლარირების პროცესში ტექნიკური შეცდომების შემცირებას, შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას”, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაიგეგმა თემატური შეხვედრა დამატებული ღირებულის გადასახადით დაბეგვრის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ჩატარდება.

„სამუშაო შეხვედრას 10 ბიზნესასოციაციის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის, ასოციაცია ქალები მომავლისთვის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს