მამუკა მდინარაძე - იმდენი ტყუილი, რამდენსაც „ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია

„ნაციონალური მოძრაობა" მაკო გომურის სახელსა და გვარს ძალიან ბოროტად, სიცრუით და პროვოკაციით იყენებს, როცა ეს დაზარებული ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომურის სახელს ახალი პოლიტიკური შოუს დასადგმელად იყენებს.

„მემგონი, იმდენი ტყუილი ერთად, რამდენსაც „ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უკადრებია. მაშინ, როდესაც ვითომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ამ ადამიანით სპეკულირებენ და მის სახელსა და გვარს ძალიან ბოროტად, სიცრუით და პროვოკაციით იყენებენ იმისათვის, რომ ახალი პოლიტიკური შოუ დადგან, როცა ეს დაზარებული ადამიანი საერთოდ არ იმყოფება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სიმართლე არ არის მათ მხარეს და ქართველი სახოგადოება ტყუილით გადაწყვეტილებებს არასდროს მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის" სპეკულაციებს ნუ ავყვებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე ისაუბრა პარლამენტში მოქალაქეების მოხვედრის შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საშვის დაშვების შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, მოქმედებდეს შეზღუდვა.

„ზოგადად, მოქალაქეებს საშვის დაშვების შემთხვევაში პარლამენტში შემოსვლა შეუძლიათ, მაგრამ არსებობს შესაბამისი აქტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებულება, რომელსაც მისი მოვალეობის შემსრულებელი აწერს ხელს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არის პროვოკაციის საფრთხე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შესაძლებელია, იყოს შეზღუდვა. ეს შეზღუდვა არათუ დღეს, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად მოქმედებს ხოლმე. როდესაც „ნაცები"თავისი სატელიტების მეშვეობით ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას, მათ ვერ მივცემთ ამის საშუალებას. უნდა ვიზრუნოთ, რომ პარლამენტის შენობაში იყოს საქმიანი გარემო და არა სპექტაკლები ", - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში მაშინ ჩაიშალა, როდესაც კითხვებზე პასუხის გაცემა იწყებოდა. სალომე სამადაშვილმა დამსწრეებს სხდომის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებსა და 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ. მოწოდება ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა