თამარ ხულორდავა - რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ოპონენტებისგან ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პარადოქსულია ის, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, ხელისუფლების მისამართით საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება. აღნიშნული განცხადება ხულორდავამ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.

„ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თანმიმდევრულები ვართ და ისეთი კონკრეტული ხელშესახები მიღწევები გვაქვს, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფალ ვაჭრობას; გაზრდილი გვაქვს ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში, გვაქვს ევროკომისიასთან სამთავრობო გუნდის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, რომელიც უპრეცედენტოა, რადგან ასეთი რამ, როცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, კომისია, კომისიის შემადგენლობა, უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, სხვა იმავე პირობებში მყოფ ქვეყნებს როგორიც ჩვენ ვართ, არ აქვს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, იგივეა ნატოს მიმართულებით, რადგან საქართველო არის ნატო-ს სანდო და მყარი პარტნიორი, რასაც ალიანსის წევრები ხშირად აღნიშნავენ.

„ჩვენ ვართ ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ალიანსს, რასაც ხშირად თვითონ აფიქსირებენ ალიანსის წარმომადგენლები. ისინი ხშირად გვიხსენიებენ, როგორც სანდო, მყარ პარტნიორს. ჩვენ მზად ვართ შემდეგი ნაბიჯებისთვისაც. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასევე, განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არის მუდმივად სპეკულაციები და პრეტენზიები სწორედ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან და კურსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ეს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა არის თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს და ეს არის ასოცირების შეთანხმება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას დაინტერესდა თუ როგორ აპირებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, მომავალი პრემიერ-მინისტრი.

იგი ასევე, დაინტერესდა თუ რას ფიქრობს მთვრობის ხელმძღვანლობის კანდიდატი ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებაზე.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს წევრობის ამბიცია ვერანაირად ვერ განხორციელდება მხოლოდ ძალიან მაღალ დონეზე არსებული თანამშრომლობით, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

„ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების პოზიციებზე, ამიტომ საინტერესოა ასევე, რას გეგმავთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, იმისთვის, რომ ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის გეგმები გავხადოთ უფრო ხელშესახები. მე მივესალმები თქვენს პრიორიტეტებს და პრინციპებს, რომელიც არის საქმე, შედეგზე ორიენტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მაინტერესებს რა კონკრეტული საქმიანი ნაბიჯები შეიძლება გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილში, იმისთვის რომ უფრო რეალური გავხადოთ ჩვენი ამბიციები, რომელიც აგრეთვე კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული“, - მიმართა გიორგი გახარიას თამარ ხულორდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო