ირაკლი კოვზანაძე  ლარის კურსზე - საჭიროა ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს უფრო თამამი და არაორდინალური ნაბიჯებიც ამ მიმართულებით

ლარის გაუფასურება ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით შედეგებს ფარავს. იგი მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს უფრო კოორდინირებული, უფრო თამამი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯებიც ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაზე მსჯელობენ.

კოვზანაძის თქმით, იმ ფონზე, რომ არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურია და ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას ქვეყნის ეკონომიკა განაპირობებს, საჭიროა ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ლარის არსებული გაუფასურების საპასუხოდ „არაორდინალური“ ნაბიჯები გადადგან.

„მინდა რამოდენიმე თემა წამოვჭრა, რაზედაც მინდა, რომ მომავალი მთავრობის ყურადღება მივაპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსს რამოდენიმეჯერ შეეხნენ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ბოლო პერიოდია იგი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. რეალობა ასეთი გვაქვს, ჩვენ გვაქვს 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის ივლისში არის 6.1%-იანი ზრდა, გვაქვს უმუშევრობის შემცირების და დასაქმების ზრდის ტრენდი, უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც მემკვიდრეობითი პრობლემა იყო, მაგრამ ლარის გაუფასურება ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით შედეგებს ფარავს. იგი მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას, მითუმეტეს ჭარბვალიანობისა და მაღალი დოლარიზაციის პირობებში. მიზეზებიც გასაგებია, რატომ ხდება ეს და ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა მონეტარული ხელისუფლების, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს უფრო კოორდინირებული, უფრო თამამი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯებიც ამ მიმართულებით, მითუმეტეს, როდესაც სპეციალისტები ვაღიარებთ, რომ ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკა განაპირობებს,“ - აცხადებს კოვზანაძე.

მისივე თქმით, ფინანსური ბაზრისა და საფონდო ბირჟის განვითარების კუთხით წინსვლა არ ჩანს და ამ კუთხით ახალ მთავრობასა და პრემიერზე დიდ იმედს ამყარებს.

„წლებია ხელისუფლებაც, ექსპერტებიც, ბიზნესიც ამ საკითხებზე მუდმივად ვსაუბრობთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ყამირია, წინსვლა არ ჩანს, აქაც უფრო გაბედული ნაბიჯებია გადასადგმელი და მე ახალ მთავრობასა და მის პრემიერ-მინისტრზე დიდ იმედებს ვამყარებ ამ მიმართულებით,“ - აცხადებს კოვზანაძე.

ამასთან, კოვზანაძის თქმით, დასაფასებელია, რომ განხილვებზე მინისტრობის კანდიდატები არ გამოსულან პოპულისტური დაპირებებით და განცხადებებით.

„ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს რეალისტური ხედვა და ორიენტირებული იქნება საქმეზე,“ - განაცხადა კოვზანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა