ირაკლი სესიაშვილი -  პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას

პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ყოველივე ეს სიძულვილზეა აგებული.

„თქვენ თქვით და მეც დაგეთანხმებით, რომ პარლამენტზე შტურმს ასაღებენ, როგორც შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას. მედიის თავისუფლება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის აგებული სიძულვილზე, შეურაცხყოფაზე, სიყალბეზე, პროპაგანდაზე, ამ ყველაფრის უკან დგას მიზანმიმართული პოლიტიკური იდეოლოგია. აქ არის პირდაპირი მცდელობა ფასეულობების და ღირებულებების გადაგვარებისა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„2020 წლის არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივები, განსაკუთრებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მთავრობას ძალიან სერიოზული სიფხიზლე მართებს, იმიტომ, რომ მოლოდინი არის, რომ ეს იქნება პოლარიზებული, ალბათ, სიძულვილით სავსე წინასაარჩევნო პერიოდი და ამისთვის მზაობა გვჭირდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის ოპონენტების გარკვეული ნაწილი საზოგადოებას ჰიბრიდულ დემოკრატიას სთავაზობს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის შიგნით ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია ოკუპანტების ან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ უნდა გაიმართოს, რადგან, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ნებით თუ უნებლიეთ, წინა ხელისუფლება ამ პროცესის თანამონაწილე იყო.

„ქვეყნის შიგნით ოკუპაციის აღქმა თუ ვინმეს სხვანაირად აქვს, შემირცხვენია ის ქართველი და მოქალაქე. აქ ვართ ყველანი ერთნი და ამ ერთობას უნდა გაფრთხილება. მაგრამ, აქ არის წმინდა პოლიტიკური მიზნები და შეფარვით ტვინის გამორეცხვის მცდელობა, რომ თუ ასეთი კამპანია არსებობს და თუ ამ კითხვას ვინმე დასვამს, ესე იგი, შეიძლება, სხვა აზრი არსებობდეს. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია და ამ ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ ჩვენი მშვიდობით, უსაფრთხოებით, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. ჩვენი დემოკრატია დიდად განსხვავდება იმ დემოკრატიისგან, რასაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები გვთავაზობენ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა