აკაკი ზოიძე - ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის სიცრუის პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მოდელირებული რეალობის ფაბრიკა და მასთან ბრძოლა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და მთლიანად მთავრობის განახლებული გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სამთავრობო პროგრამა ორიენტირებული იქნება დაპირებების, გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

„მისასალმებელია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რომ რასაც დავპირდებით - გადაწყვეტილებების მიღება, აღსრულება, დანერგვა - იქნება ერთიანი პროცესი და ძალიან მოკლე პროცესი, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიცრუის პროპაგანდა რჩება.

„ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, რაც არის ამ ქვეყანაში დღეს, არის სიცრუის პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მოდელირებული რეალობის ფაბრიკა და მასთან ბრძოლა. ეს ფაბრიკა რეალურად თესავს შუღლს, სიძულვილს საზოგადოებაში, იწვევს პოლარიზაციას. რაც მთავარია, და რაც გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს თესავს უიმედობას, იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს მოქალაქეებში არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, არამედ ზოგადად ქვეყნის მომავლის მიმართ. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, ის რაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, რაც შეიძლება ჩვენ, როგორც ერს დაგვემუქროს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ვებრძოლოთ ამ მანქანას“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე განცხადებით, ობიექტურ რეალობაში ამის საფუძველი გულგრილი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც მხოლოდ თავისთავზე ან თავის ოჯახზე ზრუნავს. აკაკი ზოიძის თქმით, აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რათა მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. მისივე განმარტებით, ამის შესაძლებლობას სამთავრობო პროგრამა ნამდვილად იძლევა.

„ქვეყნის სასწაულებრივი გაბრწყინება რთული იქნება, მაგრამ ერთ წელიწადში ადამიანებს რომ რწმენა შეექმნას იმისი, რომ საჯარო სამსახური სოფლის რწმუნებულიანად დაწყებული უმაღლესი თანამდებობის პირებით, მათი პრობლემების გადაწყვეტისკენ არის მომართული - ამის შექმნა და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძის განცხადებით, დიდი მიღწევა იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღება, რომელმაც თავის დროზე, ათასობით ოჯახი გადაარჩინა ფიზიკურ განადგურებას და ასი ათასობით ოჯახი სიღარიბეს, თუმცა დღეს გარკვეული პრობლემებია და მათი მოგვარებისთვის პარლამენტის კომიტეტი მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს.

აკაკი ზოიძის აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა