აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, როგორც „დანაშაულის ადგილი“ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების ინფორმაციით, რომელთაც ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობა სურდათ, გიორგი გახარია პარლამენტიდან „სხვა გასასვლელით გააპარეს“.

აღნიშნულის გამო აქციის მონაწილეებმა გახარიას „მშიშარა“ უწოდეს.

„მშიშარა, მშიშარა!“-სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ამჟამად აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ გადაინაცვლეს, სადაც მათივე თქმით, 19:00 საათზე აქცია „სირცხვილია“ განახლდება.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, რაც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან ეს ტერიტორია არის დანაშაულის ადგილი.

„ესაა დანაშაულის ადგილი და გვინდა, რომ ეს ადგილი შემოვსაზღვროთ. ყველამ უნდა ნახოს, რომ ამ ადგილზე დანაშაული ჩაიდინეს ამ წუთას, როდესაც კიდევ ერთხელ თავს ლაფი დაისხა ჩვენმა ქვეყანამ, დაგვცინა ჩვენმა სახელმწიფომ, როცა მოძალადე შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა პრემიერ-მინისტრად. ეს ადგილი დანაშაულის ადგილია უკვე დიდი ხანია და ამ დანაშაულის ადგილზე აუცილებლად ერთად ვიმარჯვებთ,“- განუცხადა გიგა მაქარაშვილმა „პალიტრანიუსს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო