ქეთევან ციხელაშვილი - აუცილებელია, რომ კონფლიქტის დარეგულირებისკენ ვიმოძრაოთ და ეს, ცალსახად და ხაზგასმით, უნდა გაკეთდეს ომის გარეშე, მხოლოდ მშვიდობიანად

პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა პირველ რიგში ის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია. ეს არის ადამიანური კაპიტალის ოკუპაცია, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისა და განვითარების შესაძლებლობის შეფერხება“,- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატებმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანამ კონფლიქტის დარეგულირებისკენ იმოძრაოს. ეს კი, ცალსახად და ხაზგასმით, უნდა გაკეთდეს ომის გარეშე, მხოლოდ მშვიდობიანად.

„ეს არის ჩვენი არჩეული კურსი, რომლიდანაც არ გადავუხვევთ. ჩვენი მიდგომა, მთავრობის ხელწერა არის საქმე - გონივრული, პრაგმატული, გამჭრიახი პოლიტიკა. იგი, პირველ რიგში, მიმათულია იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისაკენ, რომლებიც ყოველდღიურად ოკუპაციის წნეხს განიცდიან.

აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი იმას, რაც დღეს დარბაზში ითქვა და პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა - ყველას უნდა გვესმოდეს ჩვენი თითოეული მოქმედება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავრობის, მაგრამ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მოქმედებაც, განცხადებაც, მოძრაობაც ამ მიმართულებით, ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, პირდპირ აისახება იმ მოსახლეობაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და ასევე დევნილებზე. ამიტომ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ. სამწუხაროდ, ეს ხშირად არ ხდება. ძალიან ხშირად სწორედ ოკუპაციის თემით ხდება მანიპულირება და სპეკულირება პოლიტიკური თუ სხვა მიზნების გამო, რაც ჩვენთვის და პირადად ჩემთვის მიუღებელია და ეს ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე. ჩვენი პოლიტიკა ამისგან ძალიან შორსაა“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას ძალიან რთული გამოწვევები აქვს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ახლაც, მიმდინარე რეჟიმში, შეფერხებულია მოძრაობა ახალგორის მიმართულებით, რაც მოსახლეობისათვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გადაადგილების ის შეზღუდული ფორმა, რომელიც არსებობს, აღდგეს.

„ასევე, მოგეხსენებათ, ვმუშაობთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საკითხის დარეგულირებაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან თემებს უკავშირდება. ჩვენთვის გამყოფი ხაზების აქეთ და იქით მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება თანაბრად მნიშვნელოვანია.

გვაქვს ხედვა, გეგმა, ძალიან კონკრეტული პოლიტიკა - დეოკუპაცია რუსეთთან მიმართებაში და ჩვენი საზოგადოებების შერიგება და ამის მიღწევა ჩვენი ჩართულობის პოლიტიკით, მათ შორის, ძალიან ამბიციური, კომპლექსური და პარლამენტის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში წარმოგვიდგენია შესაძლებლად“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო