დავით ზალკალიანი - მადლიერი ვართ ლიეტუველი პარტნიორების, განსაკუთრებით მინისტრის, რომელიც მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოთქვამს უკანონო ბორდერიცაზიაზე

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონში, მიუღებელია ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან, ლინეს ლინკევიჩუსთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, ლიეტუვა საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და განსაკუთრებულ მხარდამჭერს წარმოადგენს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს, სადაც პრობლემური საკითხები არ არსებობს. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ლიეტუვას თანამშრომლიბა მომავალშიც წარმატებული იქნება.

დავით ზალკალიანმა სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იზრდება ლიეტუვადან ტურისტების რიცხვი საქართველოში, რასაც ხელს უწყობს ორმხრივი პირდაპირი ფრენების არსებობა.

„ძირითადი საკითხები დაკავშირებული იყო ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან. აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ჩვენ გვაქვს მართლაც ხელშესახები შედეგები ამ თვალსაზრისით. წარმატებულად ვახორციელებთ საგზაო რუკას და ასოცირების დღის წესრიგს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ის შეფასებები, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მოჰყვა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეწყობა და თანადგომა, რაც გვაქვს ლიეტუველი მეგობრების მხრიდან, ევროპული ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად გვაძლევს ხელშესახებ შედეგებს, რომ მომავალშიც ინტენსიური იქნება და გვექნება შესაძლებლობა, მეტი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის ფუნქციური მომზადებისთვის იმ საბოლოო მიზნისკენ, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც, სადაც საქართველო არის ასევე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო ნატო-სათან თანამშრომლობის კუთხით.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრაზე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე იყო საუბარი და როგორც მან განაცხადა, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს მიუღებელია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის.

„უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ცხინვალში, მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების, განსაკუთრებით მინისტრის, რომელიც ერთ-ერთი პირველია ჩვენს ევროპელ და სხვა დასავლელ პარტნიორებს შორის, რომელიც ამ პროცესს პირდაპირ ეხმიანება და გამოთქვამს თავის მკვეთრად ნეგატიურ, უარყოფით დამოკიდებულებას უკანონო ბორდერიცაზიასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც. დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია ყველა არსებული ფორმატი გამოიყენოს ქვეყანამ, რომ საქართველოს საკითხი მოწინავე პოზიციებზე იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას პირველი დიპლომატი საგარეო უწყებაში ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომაც.

საგარეო უწყების ცნობით, ზემოაღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიეტუვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიეტუვის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს 11 სექტემბერს დატოვებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს