თინა ხიდაშელი - ყველა სიტყვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან პარლამენტში მოვისმინეთ, იყო უბრალოდ წყალი

ყველა სიტყვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან პარლამენტში მოვისმინეთ, იყო უბრალოდ წყალი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის ახალ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბაშვილს მინისტრობა სულ 5-6 თვით მოუწევს, მისი განცხადებები კურიოზული და არასერიოზული იყო.

ხიდაშელის შეფასებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისგან მომავალი 1 წლის გეგმა უნდა მოგვესმინა, რომ სერიოზულად ყოფილიყო აღქმული.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თვლის, რომ ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტის შესაფერისი არ არის, რადგან მას პოლიციური წარსული აქვს.

"გაცილებით ადვილი იქნებოდა ეს საუბარი, მთავრობის წევრებისგან რომ მოგვესმინა 1 წლის, ანუ სინამდვილეში რა ვადითაც დაინიშნენ ისინი, ამ პერიოდის გეგმა. ყველა მათგანმა კი ისაუბრა იმ ტიპის გეგმებზე, რომლითაც მთავრობა საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მოდის ხოლმე, შემდეგი 4 წელი წინ რომ აქვს. მაგალითად, ის, რომ ტყვიის წარმოების ქარხანა უნდა გავხსნათ, რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ეს იდეა, როდესაც სულ 5-6 თვით ხარ მინისტრი, არასერიოზულს ხდის ღარიბაშვილის ამ განცხადებებს. ამიტომ ჩემი დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეა და არა იმ ემოციებით, რომელიც ზოგადად არსებობს. ყველა სიტყვა, რომელიც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, იყო უბრალოდ წყალი იმიტომ, რომ შეუძლებელია, ყველაზე საუკეთესო სურვილების მოთხოვნების პირობებშიც კი მათი შესრულება. იმ მომენტიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, მათ შორის კურიოზულია მისი განცხადება სამხედრო თვითმფრინავების წარმოების შესახებ, არასერიოზულობის გამო. ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ 5-6 თვეზე, როდესაც ეს მთავრობა მუშაობას შეძლებს. ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, ღარიბაშვილი არ არის ამ თანამდებობის შესაფერისი. მე თავის დროზე ლევან იზორიას პირადად კი არ ვერჩოდი. მასთან მიმართებაშიც იგივე პრეტენზია მქონდა, რომ არ არის სწორი და მიღებული პოლიციური, თუნდაც მოკლე, წარსულის მქონე ადამიანების ჯარში მისვლა. ეს არ არის სწორი ფორმატი იმიტომ, რომ არსებობს კარგი გაგებით ჯანსაღი კონკურენცია და პრინციპულად განსხვავებული მიდგომები სახელმწიფოს განვითარებასთან და მოსახლეობასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ამ უწყებებს შორის. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი გადასახედიდან ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, თორემ ივანიშვილის გადასახედიდან, აბსოლუტურად სწორი იყო,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს