შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუციებთან - ESF-სა და Euroscience-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუციებთან - ESF-სა და Euroscience-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში სამეცნიერო მენეჯმენტის ხარისხის ამაღლების, კვლევითი პროექტების შეფასების ევროპული სტანდარტების გაზიარების მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ევროპულ სამეცნიერო ფონდს (ESF) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ფუნდამენტურ, გამოყენებით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი პროექტების ექსპერტიზაში მხარდაჭერას და შეფასების პანელური სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი 5 სექტემბერს სტრასბურგში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული სამეცნიერო ფონდის (ESF) აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლას ვოლტერმა მოაწერეს.

„ევროპული სამეცნიერო ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ევროპაში უმაღლესი ხარისხის მეცნიერებას და კვლევებისა და ინოვაციების პროგრესს. მისი საქმიანობა ორიენტირებულია აამაღლოს მეცნიერებისა და მეცნიერებასთან დაკავშირებული აქტივობების ხარისხი და ეფექტიანობა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ასევე Euroscience-ის ორგანიზაციის კორპორატიული წევრი გახდა. Euroscience-ის სამეცნიერო ქსელის წევრობა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში, ქართველი მეცნიერების საერთაშორისო კონტაქტების გააქტიურებას, მათი ნაშრომების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენასა და პუბლიკაციას, Euroscience-ის სამეცნიერო ელექტრონულ ქსელთან წვდომას, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ზვიად გაბისონიამ Euroscience -ის გენერალურ მდივან მათიას გიროდთან შეხვედრის დროს ორ ორგანიზაციას შორის სამეცნიერო სფეროში აქტიურ თანამშრომლობის დეტალები განიხილა.

Euroscience-ი წარმოადგენს ევროპელ მკვლევართა არაკომერციულ ასოციაციას, რომელიც ორიენტირებულია მეცნიერების პოპულარიზაციასა, ევროპულ დონეზე სამეცნიერო კომუნიკაციებისა და თანამშრომლობის წახალისებაზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო