ნიკა ჩიტაძე - საქართველომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი არც ნატო-ს წევრობაზე და არც ოკუპირებულ რეგიონებზე

საქართველომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი არც ნატო-ს წევრობაზე და არც ოკუპირებულ რეგიონებზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

ჩიტიძის თქმით, თუ მეხუთე პუნქტი დროებით არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ეტაპზე სრულიად მისაღებია.

„ჩემი აზრით, საქართევლოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის 100-ზე მეტი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის წევრი, იგივე გაეროსი, ევროსაბჭოსი, ეუთოსი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების. საქართველო ყველგან წარმოდგენილია იმ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც გვაქვს 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდის შემდეგ და სადაც შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი. ამ ტერიტორიებით უნდა შევიდეს საქართველო ნატო-შიც. ერთ იდეას ვემხრობი, რომ შეიძლება დროებით მეხუთე მუხლი (მეხუთე მუხლი კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი, როცა ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა აღიქმება, როგორც თავდასხმა ნატო-ზე) არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ცხინვალზე. ამ პირობითაც კი საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში ბუნებრივად შექმნის საფუძველს იმისა, რომ საქართველოში იყოს უფრო სტაბილური გარემო, საქართველომ აიცილოს საგარეო საფრთხე რუსეთიდან, საქართველო გაძლიერდეს ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით და გახდეს საქართველო უფრო მიმზიდველი ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი პერსპექტივაზეა საუბარი დღეს ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. შესაბამისად საქართველომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი არც ნატო-ს წევრობაზე, არც ოკუპირებულ რეგიონებზე“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო