დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩაკს გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დღეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩაკს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ, მავთულხლართების, ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ აღმართვაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო რეჟიმის ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რითიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე დაიხურა ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილზე ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის.

„ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, ჩორჩანასთან და გუგუტიანთკართან მიმდინარე უკანონო პროცესები. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით ამ პროცესის მიუღებლობას და იმის აუცილებლობას, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი და მათ შორის, ეუთოს თანათავმჯდომარეები აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში. ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის, მაგრამ ქმედებები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. ისინი სრულად კეტავენ ცხინვალის რეგიონთან ხაზს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს არის ერთიანი, მთლიანი პროცესი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ გვაიძულონ და ჩავერთოთ უკანონო დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არის მთავარი, ძირითადი პრინციპი. ჩვენ, პირიქით მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ინცინდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხდეს ყველა არსებული საკითხის განხილვა და დაუყოვნებლივ შეწყდეს ის უკანონო ქმედებები, რომელიც იყო დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის, ჟენევის ფორმატს და გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა