კონსტანტინ კოსაჩევი - ბოლტონის გადადგომამ შესაძლოა, „სტრატეგიული იარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების“ გაგრძელების შანსი გააუმჯობესოს

ჯონ ბოლტონის გადადგომამ შესაძლოა, „სტრატეგიული იარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების“ (New START) გაგრძელების შანსი გააუმჯობესოს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.

„ბოლტონის გადადგომის შემდეგ შანსი, რომ იარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას თავის დროზე და შეუფერხებლად მივაღწევთ, ძალაში რჩება და უფრო მეტიც, შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც“, - განაცხადა კოსაჩევმა სააგენტო TASS-თან საუბარში.

კოსაჩევის თქმით, ბოლტონი „აშშ-ის პოლიტიკის ხისტი მიდგომების“ ერთგული დამცველია.

„ის მუდამ ეწინააღმდეგებოდა შეთანხმებების მიღებას სტრატეგიული სტაბილურობისა და იარაღის კონტროლის სფეროში, თვლიდა, რომ ისინი ზედმეტ შეზღუდვებს უწესებენ აშშ-ს და მას უპირატესობის დემონსტრირების საშუალებას არ აძლევენ. ზუსტად ვერ გეტყვით, ამ მიზეზით გაათავისუფლა თუ არა ის ტრამპმა, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გახლავთ მიზეზი, რის გამოც, მისი გადადგომის გამო გული ნამდვილად არ მწყდება“, - აღნიშნა კოსაჩევმა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული „სტრატეგიული იარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულება” ძალაში 2021 წლამდეა. მისი გაგრძელება შესაძლებელია კიდევ ხუთი წლის ვადით (2026 წლამდე), თუკი მხარეები შესაბამის შეთანხმებას მიაღწევენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან