პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ აშშ-მ ან ევროკავშირმა საქართველოში კონფლიქტების საკითხებში წარმომადგენელი დანიშნოს. აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მასპინძლობისას, სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები.
„ჩემი არჩევის შემდეგ, ჩემი კონტაქტების გამოყენებითა და ვიზიტებით აქტიურად ვმუშაობ საერთაშორისო რუკაზე და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად, რათა გავცდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არსებულ ფორმალურ დეკლარაციებს. ეს არ არის საკმარისი. ეფექტიანი დიპლომატია უფრო მეტია, მაშასადამე, ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია - პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე.
ჩვენ უნდა შევქმნათ ფორმატი კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა მის სამართავად.
შესაბამისად, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში. ამით უნდა დავიწყოთ! შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოში კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში.
ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.