თამარ ჩუგოშვილი - ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი სრული ტერიტორიების ფარგლებში გახდეს, ამ თემაზე სპეკულაციები არასწორია

ჩვენთვის მისაღებია ის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიების ფარგლებში. სპეკულაციები და კუდის მობმა ამ თემაზე არასწორი და ზედმეტია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, ეს არ ყოფილა ოფიციალური შემოთავაზება ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან და ამიტომ ამ საკითხზე ზედმეტი "ღელვა და ნერვიულობა" საჭირო არაა.

„იყო დუსკუსია, სადაც კონფერენციაში მონაწილე არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული გამოცდილება, პროცესის ცოდნა, განიხილავდნენ სხვადასხვა შესაძლებლობებს გულშემატკივრის პოზიციიდან, როგორ შეიძლება საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას და როგორ შეიძლება უფრო რეალისტური გახდეს ეს, იმ პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა - ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციის პრობლემის და წნეხის ქვეშ. ამაზე იყო დისკუსია. მე არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა იმ სხვადასხვა კუთხით ღელვას და ნერვიულობას. არც ერთ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ, ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ. საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის ის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ფარგლებში სრულად და ნატოს სურვილიც არის ეს, მას შემდგომ რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ და რანაირად დაიძლევა, ეს უკვე გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატოს მუშაობის და ა.შ. საქმეა", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით საქართველო ყველაფერს აკეთებს რომ ნატოსთან თავსებადობა მაღალი ჰქონდეს.

"მან აზრი შესთავაზა ასე ვთქვათ საქართველოს სამსჯელოდ. ამიტომ დამშვიდდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნატოსთან თავსებადობა ჰქონდეს მაღალი და აქვს ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინაა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატოც და ყველა საერთაშორისო პარტნიორი", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია საქართველოს ხელისუფლებისთვის მსგავსი მოდელი, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მათთვის ალიანსის წევრობა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებითაა მისაღები.

"ჩვენთვის მისაღებია ის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიების ფარგლებში. სპეკულაციები და კუდის მობმა ამ თემაზე არასწორი და ზედმეტია. ეს ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება", - დასძინა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო